суббота, 9 марта 2013 г.

"ახალი ქართველების" ენები

გუშინ ერთ–ერთი რადიოს დიქტორი (შეიძლება ახლა სხვა სიტყვას ირქმევენ, არ ვიცი.....) ამტკიცებდა – აჭარულ ენაზე მომივიდაო სმს–ი.... ცოტა ხანს კიდევ ვუსმინე და როცა დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი სრული სერიოზულობით იყო ნათქვამი, რადიო გამოვრთე, რათა "ზანგურ ენაზე" მისული ინფორმაცია არ მოეწვდინათ ჩემ სმენამდე, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა "წითელკანიანურ ენაზე" შესრულებული მესიჯების ანალიზი.
ვისაც ჰგონია, რომ ეს ყველაფერი არ არის სინამდვილე, შეუძლია ჩვენი წამყვანი ტელევიზიის ერთ–ერთი საინფორმაციო გადაცემა ამოიღოს არქივიდან, სადაც "ჟურნალისტკამ" გვამცნო, რომ ბათუმის ბულვარზე კუბელმა მომღერლებმა დიდი გატაცებით შეასრულეს სიმღერები კუბურ ენაზე...  
მე კი ასეთი რამ მითხრეს თუ დამესიზმრა, აღარ მახსოვს – თურმე კუბურ ენას ახლა სახელი უნდა გადაერქვას და "ფიდელკასტროული" უნდა ეწოდოს ახალი წლიდან, მათი ბელადის საპატივცემლოდ.

P.S. ეს "გუშინ" იმიტომ არ დავაკონკრეტე, რომ მსგავსი ფაქტი შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, სანამ "ახალი ქართველები" პარპაშებენ საქართველოში.

пятница, 8 марта 2013 г.

უნიკალური ფოტო

ამ ფოტოს თვალისჩინივით ვუფრთხილდები.... შვილიშვილებისთვის
და სანამ ისინი ჭკუაში ჩავარდებიან, თქვენც ნახეთ.


среда, 6 марта 2013 г.

"მობილური" ფანტაზია

2012 წლის 30 იანვარი, თეირანი

...ვზივარ ჩემს ოთახში და მესმის ირანელის და ლიბანელის საუბარი სპარსულად; ირანელი ეუბნება: "მისქალ ქონ" (მისქალი ქენი).
ვაჰ! – ვფიქრობ – რა შუაშია "მისხალი"?! აქ რაღაც ბემურაზობას აქვს ადგილი და მე არ ვიცი, რა აზრით მოიხმარენ სიტყვა 'მისხალს"...
გავდივარ და ვხედავ – ირანელს მობილური ტელეფონი უჭირავს ხელში და არაბს ეუბნება: 
მისქალ (miss call) ქონ!
უჰ, თქვენ რა გითხარით! თუმცა ისინი რა შუაში არიან, არც ასე ზედმეტად შეიძლება "გატაცება" ეტიმოლოგიით... მე კიდევ მეგონა, რაღაც ახალი "მისხალი" აღმოვაჩინე–მეთქი.

იაფფასიანი I love you


ა) ...არა, ცუდად არ გამიგოთ –  ადამიანს რომ ეუბნები "მიყვარხარ"–ო, როგორ შეიძლება საძრახისი იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ ყოველდღიურ–ყოველფეხისნაბიჯურ და საყველპურო "მიყვარხარ"–ში ისევ ის დამღუპველი სენი ფუთფუთებს, რასაც მიმბაძველობა ჰქვია... უფროსი თაობის გამოცდილებისა თუ არ გჯერათ, ნახეთ ძველი ქართული ფილმები, გადაათვალიერეთ კლასიკური ლიტერატურა და ნახავთ და მიხვდებით, რომ ამ "გულისგულ საგოგმანებ" სიტყვას ქართველები მხოლოდ უკიდურესად საჭირო და აუცილებელ დროს ამბობდნენ... ამიტომაც ჰქონდა ფასი!
ბ) მერე ცხოვრების ჰოლივუდურ და ზოგადამერიკულ წესსა და ნორმებსაც დააკვირდით და  ადვილად შენიშნავთ – პატივცემული იანკები ერთმანეთს ეუბნებიან "I love you" პრაქტიკულად ყველანაირ სიტუაციაში... კი მინდოდა ახლა ეს სიტუაციები ჩამომეთვალა იუმორით და ირონიით, მაგრამ გადავიფიქრე – ეს მათი ჩვევაა, ზოგჯერ აკვიატებულიც კი და არ მინდა ამის გამო დავცინო....
გ) ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ზემოთხსენებული მოფუთფუთე სენი მიმბაძველობისა პირველ რიგში აღარიბებს და არსებობას უმოკლებს ჩვენს მშობლიურ ენას. თუ არ გჯერათ, გადახედეთ თუნდაც "ფეისბუქურ" ჩანაწერებს: იქ, სადაც შეიძლება იყოს – შენი ჭირიმე!.... შენ გენაცვალე!...  შემოგევლე!... (გეხუტუნე და გეხვანხვალე!) – ყველგან არის "მიყვარხააააააააააააააარ".
დ) იმ ცრუ ბიჭისა არ იყოს "დედა ენიდან", მგელი–მგელიო ტყუილად რომ იძახდა და როცა მართლა მოვიდა მგელი და საშველად რომ უხმო ხალხს და რომ აღარავინ დაუჯერა, მე მგონი, ბევრ თქვენგანსაც ასე დაემართება – უკვე იმდენჯერ გაქვთ ნათქვამი ყალბი, ცალყბა და მხოლოდ საზრდილობო "მიყვარხარ", რომ მართლა გულიანად სათქმელი რომ გაგიხდებათ ეს სიტყვა, აღარავინ დაგიჯერებთ...  
ე) მაშ!

пятница, 1 марта 2013 г.

პელე და ქართველები

ახალგაზრდებსაც დააინტერესებთ, ალბათ.

1965 წელს მოსკოვში საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრებთან სათამაშოდ ბრაზილიის ეროვნული გუნდი ჩამოვიდა. იმ დროისთვის ბრაზილია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იყო ზედიზედ (1958, 1962), თბილისის "დინამო" კი სსრკ–ს ჩემპიონის ტიტულს ატარებდა (1964), ალბათ, ამიტომაც სსრკ–ს ნაკრებში 5 ქართველი თამაშობდა იმ მატჩში: მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, გიორგი სიჭინავა, ანზორ კავაზაშვილი (ეს უკანასკნელი მაშინ უკვე მოსკოვის "ტორპედოში" იყო გადასული); მატჩი ბრაზილიელებმა მოიგეს – 3:0.
ამ მატჩის შემდეგ ფეხბურთის სამყაროში ასეთი ჭორ–მართალი დარჩა:
გიორგი სიჭინავა, მაშინ სრულიად ახალგაზრდა, უნიჭიერესი ფეხბურთელი ნაკრებში მიიწვიეს და ეს იმ ფონზე, როცა სსრკ–ს საფეხბურთო ელიტაში ბრწყინავდნენ ისეთი ნახევარმცველები, როგორებიც იყვნენ: ვორონინი, ბიბა, საბო, სერებრიანიკოვი და კიდევ ბევრი სხვა; ახლა რომ "ვარსკვლავებს" უწოდებენ ე.წ. "მუნდიალებზე" მაშინ ასეთი ვარსკვლავი ალმა–ათის "ქაირათში" თუ ლეგანსკის "ზარიაშიც" კი იყო, ერთი მაინც.... ჰოდა, ასეთი კონკურენციის მიუხედავად, ნაკრებში სწორედ თბილისის "დინამოს" მე–6 ნომერი სიჭინავა მიიწვიეს და არათუ ძირითად შემადგენლობაში ჩასვეს, არამედ პელეს პირადი მეურვეობაც კი დაავალეს..... იმ დროს პელეს დაჭერა იგივეს ნიშნავდა, საპნის ბუშტი რომ დაგეჭირა: დაიჭერ – გაიქცევა–აორთქლდება–გოლს გაიტანს ("ბემურაზი" სხვა კი არაფერია!).... მთელი პირველი ტაიმი სდია თურმე სიჭინავამ, მის დევნაში თვითონ ვერ თამაშობდა და რომ ვერაფერს გახდა, მეორე ტაიმში, მწვრთნელების მითითება აღარაფრად ჩაუგდია და უთქვამს – "ახლა შენ მდიე"–ო და უთამაშია ისე, როგორც მას შეეძლო და სურდა..... აი, ასეთი ლეგენდა დარჩა იმ მატჩის შემდეგ, მე მგონი, სინამდვილესთან ახლოსაა ეს ამბავი.

რატომ გავიხსენე?! 
....თქვე კაი ხალხო, ხომ ხედავთ, რომ ამ ნატო–კატო–ებს თუ ევროკავშირებს არ ვუნდივართ! 
ვეხვეწებით – ერთი "მაპი" გადმოუგდე.... საქართველოს ცუნცულასა – და ყურს არ იბერტყავენ, ჩვენ კი დავდევთ ასე უაზროდ.... 
იქნებ სჯობს, რომ "ვითამაშოთ" ჩვენი თამაში და თუ აქეთ არ შეგვეხვეწებიან – "კავკასიაში მიგვიღეთო" – მაგასაც ნახავთ.... არადა, ფაქტი სახეზეა – თავად ხედავთ ფოტოზე, თუ როგორ მივიდა პელე ქართველებთან – "თქვენ სიაში ჩამწერეთ"–ო 
ფოტოზე, მარცხნიდამ მარჯვნივ: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი, მიხეილ მესხი

14 ივნისის აღსარება

2012 წელი

საბოლოოდ დავმორჩილდი ბედს და ჩემი საწუთისოფლო სტატუსი დავადგინე – ხაიამოლოგი ვარ... 
ვეთანხმები პატივცემულ შოთას – "რაცა ვის რაც ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს".
მგონი, მეოთხედ მივბრუნდი ბატონი ომარის ნაფიქრალს და ვთარგმნი ქართულად, ოღონდ ახლა ინგლისურ და რუსულ თარგმანებსაც ვურთავ და მხოლოდ ხაიამის რობაიების ლექსიკონსაც ვადგენ ამ გამოცემისთვის... 100 ერთეული მზად არის, გეგმაში მაქვს 500.
ჰოდა, ძველ თარგმანებსაც ვიყენებ, მაგრამ ზოგი ძალიან აღარ მომწონს; აი, მაგალითად ეს:

ღმერთმა ქნას, ძმაო, რომ მოვკვდები, მთვრალი ვკვდებოდე,
შენ კი - შენც მთვრალი - ისევ ლხინზე მელაყბებოდე,
მერე, ვინ იცის, ეგებ მაინც გენატრებოდე,
მე კი - მე მკვდარი - მხოლოდ მიწას ვენაღვლებოდე.

ორიგინალს ვკითხულობ და ვხედავ, რომ თავის დროზე ბევრი "ლაფსუსი" ჩამიდენია, ასე ვთქვათ – აფრები ზედმეტი ფანტაზიით ამიშვია.
ვიწყებ ხელახლა თარგმნას და ვამჩნევ, რომ ზოგიერთ მეცნიერ ხაიამოლოგსაც ზოგჯერ არასწორად "აშვებული აფრებით" უცდიათ მიზნამდე მისვლა. ანუ:
დავით კობიძის ქრესტომათიაში ამ რობაის ოთხივე სტრიქონში აქვს რითმა (შუიიდ–გუიიდ–ჯუიიდ–ფუიიდ), რუსი და ინგლისელი კოლეგების გამოცემებში კი მესამე სტრიქონში გვხვდება "იაბიდ", რაც, ბუნებრივია, არ ერითმება ყველა დანარჩენს... 
ბატონი დავითის (ჩემი მასწავლებლის, ფანტასტიური პოეტური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის) ვერსია აბსოლუტური სიზუსტით ჯდება ყველანაირ პოეტურ–მთარგმნელობით მოთხოვნებში.
აქედან გამომაქვს ჩემთვის ფრიად საინტერესო დასკვნა: 
ვისაც პოეტური ნიჭი არ გააჩნია, ხელი არ უნდა მოკიდოს ხაიამის და მისი მეგობრების (ჰაფეზის, საადის, რუმის და მისთანების) შემოქმედების შესწავლას... ეს იგივეა, რომ დალტონიზმით დაავადებული რაფაელის და მისი მეგობრების (კარავაჯოს, ლეონარდო და ვინჩის, ვერონეზეს და მისთანების) ნახატებს იკვლევდს ან მუსიკალური სმენის არმქონე ადამიანი იყოს შოპენის და მისი მეგობრების (ნუღარ ჩამომათვლევინებთ) შემოქმედების შემფასებელი. 

ორიგინალში ასეთი აზრებია:
როცა მოვკვდები, ღვინით გამბანეთ,
(მიცვალებულის) წესის აგებაც ღვინით და ჯამით ჩაატარეთ;
განკითხვის დღეს თუ ჩემს მოძებნას ისურვებთ,
ღვინის სარდაფის მიწაში მომნახეთ.

ალბათ, გაგახსენდათ ვიქტორი დოლიძის ცნობილი ოპერის ფრაგმენტი:
ძმებო, როცა მოვკვდები,
ნუ ჩამდებთ კუბოშია,
სუყველას გევედრებით
ჩამდეთ ტიკჭორაშია.

დიახ, მსგავსება არის.... უფრო სწორად დოლიძის "ქალაქურ კუპლეტებში" ძველი თბილისის სპარსული პოეზიისადმი მიდრეკილების ტრადიცია ჩანს....
უნებლიედ გამოდის მეორე დასკვნა – უკვალოდ არაფერი იკარგება ამქვეყნად... 
ასე და ამრიგად შევუდექი ხელახალ თარგმნას და ასეთი შედეგი მივიღე:

როცა მოვკვდები, მე განბანა ღვინით მწადია,
წესის ამგებმაც მოიმარჯვოს ღვინის ბადია;
განკითხვის დღეს კი ჩემი მტვერი ძებნეთ, ცხადია,
სარდაფში, სადაც სულ ლოთები ადი-ჩადიან.

კოჰეზიიდან კოჰაბიტაციამდე


....დიდი უბედურებაა ცუნამიც, შავი ჭირიც, მასობრივი განადგურების იარაღიც და დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის ისიც, რომ ერის უმეტესი ნაწილი ან პოლოტიკოსობას ან ჟურნალისტობა–პუბლიცისტობას იჩემებს... რომ აღარაფერი ვთქვათ პოეტობაზე.


- ე.წ. "ნიჭიერის" შესარჩევ ტურები მაგონდება, სადაც ყველაზე თამამები და ამპარტავნები არიან ისინი, ვისაც აბსოლუტურად არ გააჩნია სმენა და სიმღერით სურს თავის გამოჩენა. მწერლობა–პოეტობაშიც რომ ტარდებოდეს მსგავსი კონკურსები და სცენიდან რომ გვიკითხავდნენ თავის "შედევრებს" კონკურსანტები, წარმომიდგენია, რა სანახაობა შეიქმნებოდა სკანდალებს დახარბებული ტელევიზიებისთვის.
- კარგი, ეს ერთი უბედურებაა – არ აქვთ სათანადო ნიჭი თუ განათლება და წერენ, მაგრამ ამაზე არანაკლებ შემაშფოთებელია იმ ადამიანების "ტექსტების" არსებობა, რომლებსაც აქვთ რაღაც მარაგი უცხოური ლექსიკისა და ყველა გზით და საშუალებით ცდილობენ, ამ "სიმდიდრის" გამომზეურებას. ეს ძალიან ცუდი სენია და ვინც მისგან განკურნებას შეძლებს, შეუძლია ჩათვალოს, რომ კარგად წერა და სწორი აზროვნება ისწავლა.
- ეს ყველაფერი კი ერთმა ფრაზამ დამაწერინა..... ეს ფრაზა ჩემთვის უცნობი პიროვნების ნაწერში ვნახე:
- "როდის დაიწყო ქართველურ ტომთა შორის კოჰეზიის პროცესი?"–ო.
- დაიდეთ გულზე ხელი, სანამ კითხვას განაგრძობდეთ, დახუჭეთ თვალი და უთხარით საკუთარ თავს – გაიგეთ ტომთა შორის კოჰეზიის პროცესი რას ნიშნავს?
- ახლა გაახილეთ თვალი და იხილეთ ლექსიკონიდან ამოწერილი განმარტება:
კოჰეზია (ლათ. cohaesus - დაკავშირებული).
1) (ფიზიკ.) მოლეკულების (იონების) შეჭიდულობა გამოწვეული მიზიდულობის ძალებით.
2) (ლინგვ.) ტექსტის შემადგენელი ელემენტების უნარი ამავე ტექსტის სხვა ელ-ემენტებთან დაკავშირებისა.
- ქართველური ტომები მოლეკულები იყვნენ თუ ტექსტის ელემენტები, რომ ეს პროცესი "კოჰეზიისა" დასწყებოდათ?!

- დაწერე რა, შე მამაცხონებულო, "დაკავშირების პროცესი".... და თუ გინდა, რომ მთლად ნათლად და გასაგებად წერდე,  უნდა შეგეძლოს ასეთი წინადადების მოძებნა:
- როდის დაიწყო ქართველურ ტომთა ურთიერთდაახლოება?