суббота, 23 февраля 2013 г.

Ваши документы!!!

   ...ტაშკენტში რომ გადამაგზავნეს ხარკოვიდან, როცა იქ ავღანელთა მომზადების დიდი ცენტრი გახსნეს, მე, როგორც ჩვეულებრივ ოფიცერს, მომიწია რიგმა და გარნიზონის საპატრულო სამსახურში გამომიძახეს, რომ ერთი დღე–ღამე ტაშკენტის ქუჩებში სამხედრო პატრულად მევლო.... (ხარკოვში მსგავსი რამ არ დაუვალებიათ).
    ჰოდა, გავედი იმ საღამოს ქუჩაში ორი ჯარისკაცის თანხლებით და.... ვერავინ ვერ დავიჭირე და ვერც ვერავის მივეცი შენიშვნა... არანაირი დოკუმენტი არ მიმიტანია გარნიზონის საპატრულო სამსახურში და იქ ძალიან გაუკვირდათ – როგორ, წესრიგის დამრღვევი სამხედრო პირი ამხელა ქალაქში ვერ ნახეო?! ხვალაც თუ არავის დაიჭერ, იცოდე საყვედურით გაგისტუმრებთ ნაწილში და იქ დაგსჯიანო...
   ვაჰ! შარო, საიდან მოდიხარ?!

   მეორე დღეს გავედი ტაშკენტის ნავოის პროსპექტზე... ვიარე... ვიარე და ბოლოს დავინახე, რომ ერთი ჯარისკაცი გაღეღილი გიმნასტურით იდგა და ლუდს სვამდა (40 გრადუსია სიცხე)...."ჰააააა, უდისციპლინო ჯარისკაცო! - ხომ დაგიჭირე–მეთქი"– ვიფიქრე და ჩემი თანმხლები მორიგეები გავგზავნე მის მოსაყვანად...
   მოიყვანეს...

    – Ваши документы! – დავუბრიალე თვალები და, სახეზე რომ შევხედე, გულმა რეჩხი მიყო

    მომცა საბუთი, გადავშალე და ვკითხულობ – Сванидзе Роланд...
    ბედი არ გინდა?! – ერთი ჯარისკაცი დავიჭირე და ისიც ქართველი აღმოჩნდა....

    ...დამსაჯეს ჩემს სამხედრო ნაწილში – რიგგარეშე მორიგეობით КПП–ზე...

пятница, 22 февраля 2013 г.

გაიღიმე და მოგირჩება!...


    დღეს ნაინფარქტალ გულს მორიგი გასეირნება მოვუწყე ჩვენი შემოგარენის ხეივნებში.... 
    არა, რა... ეს ჩემი სპეციალობა თავისუფალი აზროვნების საშუალებას არ მაძლევს – "ხეივანი" ვთქვი და მაშინვე ამომძახა შინაგანმა ხმამ – უთხარი ხალხს, რომ სპარსულია...
ჰოოოოო.... კაი, კაი... ვეტყვი და მერე გავაგრძელებ.... (ვაჰ, ის დღე დაიქცეს, მე რომ აღმოსავლეთმცოდნე გავხდი ჩემდა ჭირად და სხვვების თავის მოსაბეზრებლად)
"ხეივან" – ამ სიტყვას არანაირი ეტიმოლოგიური კავშირი არ აქვს ხესთან და ბუჩქთან და მისთანებთან; ეს არის სპარსული "ხიაბან", რაც ფართო, ლამაზ, განაშენიანებულ გზას ნიშნავს... 

    ჰოდა, იმას გიყვებოდით.... ბევრია ვიარე თუ ცოტა, დავიღალე და ჩამოვჯექი ლამაზად ჩამწკრივებული სკამებიდან ერთ–ერთზე, მაგრამ ვინ მაცალა დასვენება – მარჯვენა მხრიდან დიდი სისწრაფით მომქროლავი ველოსიპედი დაეჯახა ჩემს სკამს და პატარა ბიჭი ქვაფენილზე დაეცა... წამოვაყენე და ღმერთს მადლობა შევწირე, რომ არაფერი დაიშავა, მაგრამ ტკივილისაგან მაინც იკრუნჩხებოდა და სად იყო სად არა ჩვენს სიახლოვეს 7–8 წლის ანგელოზზე უფრო ლამაზი გოგონა გამოჩნდა.... როგორც გაირკვა ის იყო ველოსიპედის პატრონი და შეშფოთებული სახით შესცქეროდა ბიჭს – რამე ხომ არ დაუშავდა და მე ხომ არ დამბრალდებაო?! სამივე ვიდექით და ერთმანეთის ტკივილებს და განცდებს ვაკვირდებოდით... 
    რა თქმა უნდა, ჩვენს შორის ყველაზე საზრიანი მაინც ქალი აღმოჩნდა, თუნდაც 7–8 წლისა.... დუმილი დაარღვია, მიუბრუნდა ტკივილისგან ენაჩავარდნილ ბიჭს და დაუყვავა:
   – გაიღიმე და მოგირჩება!...
....ბიჭმა ერთი კი შეხედა – რა დროს ღიმილიაო?! – თვალებით შეუღრინა, მაგრამ ხმა არ ამოუღია... 
   აი, ასეთი უნდა იყოს ბიჭიც და გოგოც!

   ბიჭის ღიმილისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მე სახლამდე ღიმილი არ მომშორებია სახეზე და წარმოვიდგინე – გაიზარდნენ ეს ბავშვები, ერთმანეთი შეუყვარდათ, იქორწინეს, გაუდგნენ ცხოვრების გზას და ყოველ გაჭირვებაში და ვაი–ვაგლახში ბიჭს ესმის – "გაიღიმე და მოგირჩება!... გაიღიმე და მოგირჩება!..."

   მოდი და ნუ გაიღიმებ, ასეთი ანგელოზი რომ გეტყვის!

კომბლე from Yellowstone


ძალიან კარგი ხარისხის საბავშვო წიგნები გამოდის ამ ბოლო დროს, იგრძნობა, რომ დასავლეთს ვუახლოვდებით თუ ვბრუნდებით იქ და, როგორც ჩანს, ეს შინაარსში თუ არა, ნახატად ქცეულ ჩვენს წარმოსახვაში მაინც არის წარმოჩენილი.

    დახედეთ ილუსტრაციებს:
    პირველი ნახატი:  ეს ჩვენი კომბლე ძალიან "ძერსკად" არის ჩაცმული: ცისფერი კაშნე, ნარინჯისფერი (ჰოლანდიის ფეხბურთელთა გუნდის ფერი) პერანგი და მოყვითალო შარვალი აცვია, რასაც მთლად ევროპულ–პლანტატორული ქუდი ამშვენებს... ბუნებაც ისეთია, დღევანდელ ორიენტაციას რომ ეკადრება: ფოთლოვან–წიწვოვანი ტყის კომბინაცია უმალ გაგახსენებს იმ მხარეეებს, "სადაც შობილან, გაზრდილან და უსროლიათ ისარი" ლინკოლნებს თუ რუზველტებს.
    მეორე ნახატი: ეს ჩვენი კომბლე დათვს შეხვდა და ჰოი საოცრებავ – დათვი კი არა, ნამდვილი გრიზლია... რა საყვარელია, არა Yellowstone–ის ეროვნული პარკის ბინადარი! აქვე ძალიან დასაფასებელი ფაქტია ისიც, რომ მისტერ კომბლე დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ ჩაცმის სტილს და სამოსის მეორე კომპლექტშია გამოწყობილი გრიზლისთან დებატების დროს: მოწითალო კაშნე, ყვითელი (ბრაზილიის ფეხბურთელთა ნაკრების გუნდის ფერი) პერანგი და მოწითალო შარვალი. უხდება, კარგი ბიჭია კომბლე სანტოს დუშ ნასიმენტო! 
    მესამე ნახატი:სანამ  კბილების დასაკრეჭინებლად დათვიდან მგელთან მივიდა, კომბლემ მოასწრო ისევ ჰოლანდიის ნაკრების ფერის მაისურში გამოწყობილიყო, ის ცისფერი კაშნეც დაიბრუნა და, რაც მთავარია, პოდიუმზე უკვე მესამე შარვლით გაიარა – მგლის სამფლობლოს გავლისას მას უკვე ლურჯი ჯინსები აცვია. ნამდვილად მისაბაძი "ივენთია" – გარეგნული მხარე და მათ შორის სამოსის ხშირი ცვლა ძალზედ ეფექტური საშუალებაა ელექტორატის ყურადღების მისაპყრობად.
    ...ეს საცოდავი ცხვრები კი ყველგან ერთნაირად გამოიყურებიან, კომბლეს ილუსტრაციების ახალ ვერსიაშიც კი.


четверг, 21 февраля 2013 г.

მედროვეთა გალერეა – 1


  27 თებერვალი, 2011 წ

   ვიწყებ ჩემს ცხოვრებაში შემოხვედრილ მედროვთა გალერის შექმნას; სახელებს შევცვლი, რადგან ამ ხალხს შვილები და შვილიშვილები ეზრდება და არ დავუჩრდილავ ბავშვებს მომავალს....
    საბედნიეროდ, მედროვეობა მემკვიდრეობით არ გადაეცემა – ეს არის ჩემი რწმენაც და იმედიც – და ამიტომაც მჯერა, რომ მომავალი თაობა, ვისი შვილებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ამ საშინელი სენით არ გააწამებს ახლობელს, მეზობელს, თანამემამულეს თუ უბრალო შემთხვევით თანამგზავრს.

      მე მხოლოდ ამბავს მოვყვები:
    მგონი, 2004 წელი იყო.... ჰო, ასე იყო, რადგან შექსპირის რჩეული სონეტების თარგმანების წიგნი (60 სონეტი) იმ წელს დავბეჭდე და ამ პოეტის დაბადებიდან 440–ე წლსთავს მივუძღვენი. იმ დროისთვის უკვე გამოცემული მქონდა კიდევ რამდენიმე წიგნი და ფილარმონიიის ფოიეში გამართულ წიგნის გამოფენა–ბაზრობაზე ჩემი პროდუქციით ერთი მოკრძალებული ადგილი დავიკავე პატარა მაგიდით, სადაც მხოლოდ ჩემი გამოცემები ელაგა. გამოფენა 5 დღეს გაგრძელდა და დღითიდღე იზრდებოდა დამთვალიერებელ–მყიდველთა რაოდენობა, რაც ძალიან სასიამოვნო მოვლენა გახლდათ და ამტკიცებდა იმას, რომ მარტო "სწენკების" ინტერიერის გასალამაზებლად არ გვყვარებია წიგნის შეძენა.
   მესამე თუ მეოთხე დღეს ჩემს მაგიდასთან ორი კაცი მოვიდა და მათ მესამეც მოჰყვა, ვიდეოკამერით ხელში....
    – "ჭიჭიკო ჭუჭუკაშვილის წიგნი არ გაქვთ?!" – მკითხეს 
    – "არა, მე მხოლოდ ჩემი წიგნები მიდევს მაგიდაზე" – ვუპასუხე.
    ვიდეოკამერიანმა დაიძახა – "არ ვარგა!" – მერე მე მომმართა:
    – "იქნებ სხვაგვარად გვიპასუხოთ – ველოდებით ბატონი ჭიჭიკოს ნაშრომს!" 
     – "?!" – ჩემმა გაკვირვებულმა სახემ ვიდეოკამერიანი დაარწმუნა, რომ "ამ მაგიდასთან" შედეგს ვერ მიიღებდა და სამივე ერთად იქვე ახლოს მდგარ დახლთან გადაბარგდა, სადაც ერთი მშვენიერი გოგონა პატრონობდა წიგნებს და, როგორც ჩანს, "ბატონი ჭიჭიკოს" წიგნების სულმოუთქმელი მოლოდინი ჩემს სამეზობლოში წარმატებით აღბეჭდეს ფირზე.
    * * * 
   მეორე დღეს, როცა ხალხის რაოდენობამ პიკს მიაღწია, ისევ გამოჩნდა ის სამი სუბიექტი, მოიტანეს პატარა ბროშურების შეკვრა, გადასცეს მშვენიერ გამყიდველ გოგონას, ვიდეოკამერიანი კი ჩემთან ახლოს დადგა და დაიწყო გადაღება... "ორი მყიდველი" სხვადასხვა მხრიდან მიუახლოვდა გოგონას დახლს, გაარღვიეს ნამდვილ მყიდველთა რიგები და "შეიძინეს" ბატონი ჭიჭიკოს ბროშურები (ალბათ, 24 ან 32 გვერიდიანი მწვანეყდიანი პოლიგრაფიული ნაწარმი)..... მერე ბედნიერი სახით ერთმანეთს ჩამოართვეს ხელი....
     "კრუპნი პლანიც მინდა" – დაიძახა ჭიჭიკოს დაქირავებულმა "ფელინიმ"; ჩვენკენ წამოვიდა ერთ–ერთი მყიდველი და რეჟისორმა იგი დააფიქსირა კამერაზე – აღფრთოვანებული სახე, თვალები.... აკანკალებული ხელები.... ვერ მოითმინა მადლიერმა მკითხველმა და იქვე, ფოეში დაიწყო ბატონი ჭიჭიკოს გენიალური ნაშრომის გაცნობა!
  ოციოდე წუთში "გადამღები ჯგუფი" წავიდა, მე კი იმ დახლთან მივედი და დავხედე "გაპიარებულ წიგნს":
    "ზიმბაბვეს სამედიცინო რეფორმის პრიორიტეტების სამეცნიეორ–დოკუმენტური ანალიზი" (ზიმბაბვეს ნაცვლად სხვა ქვეყანა ეწერა, არც რუსეთი და არც აშშ.... სხვა).
   * * *
    დაახლოებით ერთ საათში ერთი კარგი წიგნის პრეზენტაცია შედგა ფოიეში, უამრავი ხალხი შეიკრიბა  და უსმენდნენ წიგნის გამომცემლებს, მეც იქ ვიყავი და კვლავ შევნიშნე "გადამღები ჯგუფი"" გადაიღეს ერთმანეთის მომღიმარი სახეებიც და კარგი წიგნის მოყვარულთა აღფრთოვანებული მზერაც.... ნახევარ საათში პრეზენტაცია დასრულდა, ხალხი დაიშალა, სახელდახელო სცენა განთავისუფლდა და.... ჰოი, საოცრებავ! სცენაზე მიკროფონთან მივიდა ის ბუმბერაზი მეცნიერი – ბატონი ჭიჭიკო!
   "ფელინიმ" ყველა რაკურსით "აღნუსხა" გენიალური მკვლევარის გამოსვლა "მადლიერი მკითხველის" წინაშე და კმაყოფილი სახით მიმართა მის დამქირავებელს, რომ რეპორტაჟი წიგნის პრეზენტაციის შესახებ წარმატებით შეიქმნა... რომ მონტაჟს საღამოს გააკეთებდა.
    – "წავედით?" – იკითხეს "გადამღებ ჯგუფში.
    – წავედით! – უპასუხა ჭიჭიკომ – და დამშვიდობების ნიშნად ხელი რომ აწია, სახეზე უცებ ისეთი გრიმასა გამოესახა, მტაცებელს რომ აქვს ხოლმე მისატაცებლის დანახვისას....
    – არ წახვიდეთ! – დაიყვირა ჭიჭიკომ – სასწრაფოდ გადამიღეთ! – თქვა და გაექანა შემოსასვლელისკენ, სადაც იმხანად ერთი ძლევამოსილი მინისტრი გამოჩენილიყო და ჯერ სიტუაციას ეცნობოდა.... ჭიჭიკო მიიჭრა მინისტრთან, ხელი ჩამოართვა, მტაცებლიდან უცებ "მიმლაქუცებლად" გარდაიქმნა.... თავისი წიგნი მიართვა და თან საწერკალამიც მიაყოლა – ავტოგრაფი დამიტოვეთო, ალბათ....  ეს ყველაფერი "ფედერიკო ფელინიმ" დიდი წარმატებით გადაიღო და კოლეგა–მსახიობებს გადაულაპარაკა – "პრემიაც იქნება!"

    ...ეს იყო პირველი "ექსპონატი" ჩვენი ვერნისაჟისა – ბატონი ჭიჭიკო!
   იმედია, კარსმომდგარი გაზაფხული კიდევ რამდენიმე "ნიმუშის" გაცნობის საშუალებას მოგვცემს, თუ არა და, ზაფხული ხომ ჩვენია და ჩვენია.
     * * *
     ღმერთმა სიკეთე და სიალალე მოგცეთ!

среда, 20 февраля 2013 г.

ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნას!...


    1979 წელს საგულდაგულოდ გადავბეჭდე ჩემს "უნდერვუდზე" ყველა თარგმანი, რაც გამაჩნდა და მწერალთა კავშირთან არსებულ მთარგმნელობით კოლეგიაში მივედი.
ეს ორგანიზაცია ზუსტად იმ შენობაში და იმ შიდა "აივნებზე" არსებობდა, რომელსაც ყველა იცნობს ფილმიდან "ცისფერი მთები ანუ ტიან–შანი"; მერე რაც მოხდა, ძალიან ჰგავს ორსათაურიანი რომანის ავტორის (სოსოს) თავგადასავალს და ხანდახან მგონია, რომ ჩემი წელიწადნახევრიანი გაწამაწია ვიღაცამ გაიგო და მერე ხსენებული ფილმის სცენარად აქცია...
    ჯემალ აჯიაშვილი მაშინ იქ რიგით რედაქტორად მუშაობდა და, როგორც ირანისტს და ჩემს უფროს კოლეგას, ჩემთან მუშაობაც დაავალეს... მას ჯერ არ ჰქონდა გამოქვეყნებული თავისი გენიალურიი თარგმანები, მე კი მომცა იმის საშუალება, რომ მათ გავცნობოდი და მივხვდი, რომ ის მცირედი, რაც მაშინ მქონდა გაკეთებული, ძალიან უსუსური და არანაირი ლიტერატურული ღირებულების მქონე არ იყო... თუმცა ბატონი ჯემალი ყველანაირად ცდილობდა ჩემს დახმარებას და იმ კოლეგიაში ჩემთვის ადგილის გამონახვას, რასაც ვერანაირად ვერ მივაღწიეთ... არადა, როგორც იმ ორგანიზაციის სხვა თანამშრომელმა ერთხელ მითხრა – იქ მომუშავე 200 ადამიანიდან სულ 10 კაცი თარგმნიდა, დანარჩენს კი ლიტერატურულ საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა...
    ერთი სიტყვით, დამიწუნეს როგორც "მელექსე", მაგრამ ბატონმა ჯემალმა იხტიბარი არ გაიტეხა და ჯალალ ედ–დინ რუმის უზარმაზარი "ქოლიათი" (ლექსთა სრული კრებული) მომცა – ამის თარგმნა დაიწყეო.... დავიწყე და ამასობაში ექვსი თვე გავიდა... მე ავღანეთის ომში მიკრეს თავი და თარგმნა კი არა, ლამის ქართული ლაპარაკი დამავიწყეს...
    რუმის თარგმანები დარჩა ბატონ ჯებალთან და ორი წლის შემდეგ, რუსებს და ავღანელებს თავი რომ დავაღწიე, ჟურნალ "საუნჯეში" დამხვდა დაბეჭდილი...
    ნათელში იყოს ბატონი ჯემალის სული! მან ბევრ ჩემს მსგავსს დაუბრუნა სიცოცხლის აზრი და რაც მთავარია – ქართველებს შეგვინარჩუნა ნამდვილი ლექსის შეგრძნების და განცდის უნარი....

    აი, ერთი თარგმანის ფრაგმენტი, რომელიც ბატონი ჯემალის ხელმძღვანელობით შევასრულე 1980 წელს:

یار آمدم باز آمدم از پیش آن یار آمدم

მე ისევ მოველ, მე ისევ მოველ,
მე ჩემი სატრფოს სახელად მოველ,
მომაპყარ მზერა, მომაპყარ მზერა,
შენი წყვდიადის ნათელად მოველ.
მე ლხენით მოველ, მე ლხენით მოველ,
გავთავისუფლდი და ფრენით მოველ,
ასჯერ ათასი გავიდა წელი,
სანამ ამ სიტყვის სათქმელად მოველ.
ამ გზებით მოველ, ამ გზებით წავალ,
ვაებით მოველ, ვაებით წავალ,
შემინდო უნდა, შემინდო უნდა,
კეთილ საქმეთა საქმნელად მოველ....

გამთენიის "ვეფხისტყაოსანი"


   28.01.2012.

...არ მომასვენა ერთმა აზრმა, არ მომასვენა და სიზმრიდან წამომახტუნა.... თუმცა მართალი რომ ვთქვა, აფორიაქებულიც ვარ და ვეღარც სიზმრებმა დამამშვიდეს; სანამ ამ აბეზარ აზრს თუ სურვილს თუ თხოვნას მოგახსენებდეთ, ჩემი თავი გუსტავ ფლობერს უნდა შევადარო (?!) არა, კაცოოოოო! ფლობერამდე, როგორც ლიტერატურით დაკავებულ ადამიანს ბევრი და ბევრი მიკლია, მაგრამ წონით კი სადაცაა... ჰა და ჰა დავწევი და კიდევ ერთი რამით  დავემსგავსე ამაღამ მას – იმ თავისი თავის უბედურ გუსტავს თურმე ასეთი ჩვევა ჰქონია – დაამთავრებდა მუშაობას (პირველ სართულზე... კაბინეტში) და ავიდოდა დასაძინებლად (მესამე სართულზე.... საძინებელში), მაგრამ რად გინდა რა?! – აეკვიატებოდა ერთი რომელიმე ფრაზა ან სიტყვაა, – იწრიალებდა, იწრიალებდა და სანამ დაბლა, კაბინეტში არ ჩამოიყვანდა ეს სიტყვა თუ ფრაზა მას და რომანში შესწორებას არ შეატანინებდა, მანამ არ მოასვენებდა... და ასე ხდებოდა არაერთხელ ერთი ღამის განმავლობაში... მეც ამეკვიატა ერთი ყველასათვის ცნობილი სტროფი და სანამ სიზმრიდან არ გამომაძევა  და კომპიუტერი არ ჩამართვევინა და არ დამაწერინა, არ მომასვენა.... ისე კი, კარგია, ხომ იცით! – წონაში და ახირებაში თუ დავემსგავსე ფლობერს, ეს რომანების წერა რიღას ტიკი–ტომარაა?! დავჯდები ერთხელაც და დავწერ; "სალამბო" და "მადამ ბოვარი"თუ არ იქნება, რა, სხვა "მადამს" არ მიიღებთ? აგერ, ხალხი რაზე აღარ წერს და ყველას თავისი მკითხველი თუ მაყურებელი ჰყავს... ის კი არა და, ეს ჩვენი მაღალზნეობრივი პუბლიკა, თეფშზე შიშველი თითის მიმოკვრაზე რომ აიმრიზებიან ხოლმე – არაესთეტურიაო! უზრდელობაა! ქაჯობააო! – გუშინ თუ გუშინწინ რუსთაველის თეატრის სცენაზე ისეთ "მაღალზნეობრივ მიმოკვრებს" უმზერდნენ აღფრთოვანებით, რომ ადამიანი იფიქრებდა – ალბათ, საქართველოში არც არასოდეს უარსებიაო თეატრალურ ხელოვნებას და აჰა – ჩვენი "ორიენტაციიდან" მოსულმა დიდმა არტისტებმა გვაღირსეს ბოლოსდაბოლოს და ჩაგვაყლაპესო  "სცენის მტვერი"....  უკაცრავად! – ძალიან შორს გადავუხვიე და დამავიწყდა იმის დაწერა, თუ რატომ მივუჯექი ისევ კომპიუტერს...
მაშ ასე – გამთენიის "ვეფხისტყაოსანი"
მე ორი კვირით მივდივარ ირანში და – რომელი ავთანდილი მე ვარ?! – და მაინც გთხოვთ:

საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი,
დავყო მარტოდ და ღარიბად თოთხმეტ დღე, ვითა მე წელი,
გემუდარებით ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,
რომ "ფეისბუქი" მე დამხვდეს მტერთაგან დაულეწელი.

вторник, 19 февраля 2013 г.

ბულბულის ცრემლები


     ერთი მეგობარი მყავდა, ვაჟა ჟორდანია, სკოლაში ერთად ვმუშაობდით, ის ისტორიას ასწავლიდა, მე – მშობლიურ ენასა და ლიტერატურას... გოჩაც უნდა ვახსენო, ფიზკულტურის მასწავლებელი და ბადურაც (ისტორია, შრომა); ვაჟა და გოჩა აღარ არიან ცოცხლები, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები, ბადურა ცოცხალია და ასი წელი მისი ცუდი არ გამეგოს...
    ჰოდა, ვაჟას ჩამოჰქონდა ხოლმე ღვინო და გაკვეთილები რომ დასრულდებოდა, დაგვიძახებდა – "მოდით, ბულბულის ცრემლები ჩამოვიტანეო" და ჩვენც ჩავუსხდებოდით... ერთგვარი პედსაბჭო გვქონდა, რა, სადღეგრძელოებით...

     ეს "ბულბულის ცრემლები", როგორც მეტაფორა მისი უდიდებულესობის – ღვინისა, ირანელთა პოეტური აზროვნების მორიგმა ნიმუშმა გამახსენა, რასაც ახლა წავაწყდი:
کله گنجشکی – ბეღურის თავი... ანუ დაკეპილი ხორცისგან დაგორგოლავებული პატარ–პატარა, მოსახარშად გამზადებული გუნდები.
     ...შეუძლიათ ეს პოეტური აღქმა ცხოვრებისა და თუ გინდა შეეცილე, მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არც ჩვენ ვაკლებდით, როცა სადღეგრძელოებზე ორიენტირებულ პედსაბჭოს ვმართავდით ხოლმე... ბულბულის ცრემლებით.