вторник, 19 февраля 2013 г.

ზურა ნარმანიას გახსენება


1980 წელს, ავღანეთის ომში წასვლამდე, მთარგმნელობით კოლეგიაში დავდიოდი, რაღაც თანამშრომლობის მაგვარი გამოგვდიოდა.... იქვე იყო "ცისკრის" რედაქციაც და ერთ დღეს გრძელ და ბნელ დერეფანში ნაცნობი სილუეტი შევნიშნე, ასე მხოლოდ ყოფილი ტანმოვარჯიშეები დადიან.... არ შევცდი – ზურა იყო, ნარმანია, ჩემი ჯგუფელი (ის თურქულს სწავლობდა, მე – სპარსულს). იმხანად კი უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული გვქონდა და ზურას თურმე "ცისკარში" დაეწყო მუშაობა, ეს მანამდე არ ვიცოდი და მისი დანახვა ძალიან გამიხარდა, იქვე, დადიანის ქუზე, "ველიამინოვის" ცნობილ სახინკლეში ჩავედით, თითოოროლა ჭიქა არაყი.... ბევრი ლექსები.... და დღეც გავიდა....
    – "ეს თარგმანები კარგი, მაგრამ შენი ლექსებიც მომიტანე–ო" – მითხრა ზურამ.
    – "ვნახავ–მეთქი რამეს" – და დავშორდით ერთმანეთს.
    დავჯექი მეორე დღეს, თავი მოვუყარე ჩემს ნაწერებეს, გადავბეჭდე და წავუღე ზურას, მაგრამ არ დამხვდა და ის ჩემი ნაცოდვილარი ფურცლები მის მაგიდაზე დავტოვე..... მერე მე ავღანეთში მიკრეს თავი.... რომ დავბრუნდი, ლექსის და თარგმანის გაგონება აღარ მინდოდა და გადაება ერთმანეთს საშინელი წლები.... არ მინდა მათი გახსენება.... ზურას 20–წლიანი პაუზის შემდეგ შევხვდი, 2000 წელს, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ჩვენი შვილები აბარებდნენ უკვე მისაღებ გამოცდებს.... მას შემდეგ ზურა აღარ მინახავს....
    ამასწინათ, "ფეისბუქზე" მისი სურათი დავინახე, მოგონებებიც ეწერა მასზე და აი, ერთი პატარა მოგონება მეც დავწერე.... იმ 2000–ში კი ბოლოს ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს: "თბილისზე რომ ლექსი გაქვს დაწერილი, მომეწონაო...." – მითხრა ზურამ.  მე ამ ლექსის არსებობა აღარც მახსოვდა, "ფეისბუქში" ზურას სურათს რომ მოვკარი თვალი, მაშინ გამახსენდა, მოვძებნე და ვბეჭდავ.
     ზურას გარდა ეს ლექსი არავის წაუკითხავს, ახლა თქვენც წაიკითხეთ:

    "ჩემო თბილისო, თუმცა გეტრფი დიდი ხანია,
      მე ჩემებური ხოტბის შესხმა გულით აწ მინდა....
      ო, ეს მთაწმინდა, ღმერთო ჩემო, ო, ეს მთაწმინდა,
      თავმოკვეთილი ამირანის ორი მხარია.

     ხან ქურთი გიმღერს, ხან სომეხი და ხან ურია,
      მე შენს ქუჩებსი ასი ენის გამმას დავითვლი....
      მამადავითი, ღმერთო ჩემო, მამადავითი,
     ბინდითმოსილი ამირანის თეთრი გულია.

    რაც ლეგენდაა შენზე თქმული და რაც მითია,
     ხან ბერძენს უთქვამს და ხან სპარსელს.... ვის ეჭიდები?!
     ო, ეს ხიდები, ღმერთო ჩემო, ო, ეს ხიდები,
    მკლავებდაჭრილი ამირანის ათი თითია.

    დრო მიდიოდა.... ლეკვებს ზრდიდა შენი ალგეთი
     და მაინც გფლობდა ხან ოსმალო და ხან არაბი,
     თუმცა გაიცან შენ ბირუნი და ალ–ფარაბი,
     მაინც ზეიმით მიატოვე აღმოსავლეთი.

    ჭირთა სალბუნად განათლებას რაცხდნენ უებრად
    და შენს შვილებსაც შეასწავლეს სინუს–ტანგენსი.....
     შენ გადაგაგდეს ევროპაში, როგორც ანკესი,
    რევოლუციურ იდეათა მოსატყუებლად.

   ჩემო თბილისო, ჩვვნი ხვედრი მუდამ სხვას ელის,
   მიტომაც ვცვლიდით ცარზე სულთანს, შაჰზე – ამირას....
   სული შთაბერე, დროა, ღმერთო ჩვენს გმირ ამირანს.
    რომ საქართველოს კვლავ იმედი ჰქონდეს ქართველის.

  იმ გაგანია კომუნისტურ ეპოქაში, ასეთ ლექსს არავინ დაბეჭდავდა.....
   ახლა კი მხოლოდ მოგონებაა
  (1980 წელი, 28 აპრილი)

понедельник, 18 февраля 2013 г.

2012-ის ზამთარში ნაფიქრალი


    დღეს, მგონი, ვკვდები, დიდი სიცხე მაქვს... ჰოდა, გამახსენდა, რომ ამას წინათ ერთმა "ფრენდმა" მითხრა - "ქალიშვილი შენ არ გყავს და მოდი, მიშვილეო" (ძალიან მომეწონა ეს აზრი!)
   აი, ახლა, სიკვდილის ბუზი რომ დამაჯდა,  ისევ "ლექსი" დამაწერინა, მაგრამ დავეჭვდი - ბუზი თუ სიკვდილისაა, ალილუია უნდა ჩამძახოს, რა დროს ლექსებია-მეთქი... ერთი სიტყვით, ბუზი ზის და არ იძვრის და სანამ გონზე მოსულა, ამ ლექსს ჩავიწერ:

    მგონია, ვკვდები.... ამას  გთხოვ, შენ, შვილობილო კაწიე -
    მე ერთი დიდი ტკივილი როგორმე გამიპაწიე;
    მეგრელი დედა მე არ მყავს, ცრემლით რომ მითხრას - ვააააა, წიე!
    და ვერც ასული დამტირებს - "მამა ვის ვუთხრა აწი ეეეეეეეეე"
    ოთხი ბიჭი მყავს (ქვეყნისთვის, მე მგონი, ჯაფა გავწიე).
    ჰოდა, ერთმანეთს ეტყვიან - ე, ბიჭო! კუბო აწიე....
    ამიტომაც გთხოვ შვილობილს, ხალხი აქა-იქ  გაწიე -
    მე ერთი ცრემლი და ბევრი ღიმილი შემომაწიე.

    ...და რადგან ეს ბუზი კვლავ არ იძვრის (ნეტავი ხომ არ შემიცვალეს?! - ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია,  მგონი, ჩემი კუთვნილი სიკვდილის ბუზიც წამართვეს.... ყოველი შემთხვევისთვის... ხომ ხედავთ, რამდენი ბუზი იქნება საჭირო მალე).
    ჰოდა, არ იძვრის და ნუ იძვრის - ერთ მკრეხელურ აზრს კიდევ დავწერ "ვეფხისტყაოსნის" შესახებ და შევეცდები ერთი პერსონაჟის სახელის წარმომავლობა ავხსნა:

    მოგეხსენებათ, რუსთველი ერთ ადგილზე ახსენებს როსტომს ("შაჰნამეს" პერსონაჟს) - "როსტომის მკლავ უგრძესითა"-ო - ამბობს მშვილდის შესახებ; ესე იგი როსტომი და როსტევანი ავტორისთვის სხვადასხვა სახელებია.
    რას უნდა ნიშნავდეს "როსტევან"-ი?
    ამასწინათ ვთქვი - "რუსთა/როსთა" სპარსულად სოფელია და "რუსთაველის" ფსევდონიმიც აქედან მოდის-მეთქი (და ტოპონიმი "რუსთავიც"); მე ასე ვვარაუდობ და რა ვიცი?! ჰოდა, თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ როსთა-ვან (მეორე ვარიანტი - როსთა-ბან) არის ~სოფლის თავკაცი, მპყრობელი, მოსამართლე და მოწყალე -  მეფე... "სოფელი", რა თქმა უნდა, აქ ნიშნავს ქვეყანასაც და საწუთროსაც.... ("ვან/ბან" ბოლოსართი რაღაცის ფლობას აღნიშნავს (გაიხსენეთ "მარზ-ბან/მარზ-პან" - საზღვრის მფლობელი, მცველი).
    აი, ასეთი ამბებია....
   
    სიკვდილის ბუზი ამოძრავდა და თუ ხვალ "ფეისბუქში" არ გამოვჩნდი, პანაშვიდის დღეებს გაცნობებენ.

воскресенье, 17 февраля 2013 г.

ანტრე, ბატონო!


"ფეისბუქზე" ჩემი მოსწავლე, ნინო ბაზაძე შემეხმიანა  და ეს ამბავიც მაშინ გამახსენდა.

...მივედი სკოლაში მასწავლებლად და მომცეს მე–11 კლასი (მე თავადაც იმ სკოლაში ვისწავლე 10 წელი); კლასში სულ რაღაც 16–17 ბავშვი ირიცხებოდა სიით.... სახეზე იყო ხოლმე 5–6... ზოგჯერ 10–იც. ეს ის პერიოდია, როცა გვადი ბიგვას "ფაშისტად" აცხადებდნენ და არჩილ ფორია ხდებოდა "ეროვნული გმირი" ანუ ბოლშევიკებთან მებრძოლი ვაჟკაცი... მაგრამ ვის აინტერესებს შენი "გვადი ბიგვა" და "დროშები ჩქარა", გამწარებულები დარბიან რეპეტიტორებთან, ვინც არ დარბის, შემოისეირნებს ხოლმე სკოლაში...

იმ 5–6 მოსწავლეს ზოგი სხვა კლასელიც ემატებოდა ხოლმე (სხვა გაკვეთილებიდან გამოგდებულები.... მე კი ყველას ვუშვებდი შიგნით, ვინც მთხოვდა – ანტრე, ბატონო–მეთქი!); დავიწყებდი ხოლმე ლიტერატურაზე საუბარს და გადავდიოდით მერე ათას სხვა რამეზე.... კინო, სპორტი, ძმაკაცობა, სიყვარული და ა.შ. ორიოდე კვირაში დავძმაკაცდით და ვხედავ, რომ თანდათან "შემომსეირნებელთა" რაოდენობა მატულობს... მიდის რაოდენობა ზემოთ! ერთხელაც შევედი ე.წ. "ბაძაღუას კაბინეტში" და 10–15 წუთში კლასი გაივსო.... მოდიოდნენ და მოდიოდნენ, მეც ვლაპარაკობდი და ვლაპარაკობდი... შუა გაკვეთილზე ყველა მერხი დაკავებული იყო, ზოგი უკვე ფეხზეც იდგა... ჩავხედე სიას – 16–17 მოსწავლე ირიცხება ჟურნალში, გაკვეთილზე კი მიზის 35–40 მეთერთმეტეკლასელი... ვაჰ!
კი მივხვდი, ეს ყველაფერი "ანტრე ბატონო"–ს ბრალი იყო, მაგრამ დერეფნებში ხეტიალს და ტუალეტებში ბოლის ყლაპვას არ ჯობდა ჩემთან მჯდარიყვნენ და ესმინათ კინო, სპორტი, ძმაკაცობა, სიყვარული და ა.შ?
...ხანდახან ლიტერატურაზეც ვლაპარაკობდით და ამასობაში ახალი ცხოვრების მოსვლის შესაბამისად (1990 წლის გაზაფხულია) დავადგინეთ, რომ გვადი ბიგვა გზასაცდენილი კაცი იყო, არჩილ ფორია კი ახალი, დემოკრატიული საქართველოს მესაძირკვლე (?!)

...თუმცა მთავარი ეს კი არ არის, მთავარი ისაა, რომ ნინო ბაზაძის დანახვა გამიხარდა!

სათხრობელა ლექსით


    მერვე კლასის დამრიგებელი ვიყავი 1–2 წელი, სადღაც 1991 წელს, როცა უკვე უშუქობა, შიმშილი და ყველა ვაი–ვაგლახი დაწყებული იყო. ერთხელ მეექვსე გაკვეთილს ვატარებ... ყველანი უკვე დაღლილები ვართ – მასწავლებელ–მოსწავლიანად... ჩავიარე რიგებს შუა და ბოლო მერხთან რომ მივედი, დავინახე, რომ ერთი ბიჭი "ბულკს"ჭამდა და ჩემი მიახლოებისთანავე დამალა ჩანთაში... ხმა არ ამომიღია, ვიდექი და ვუყურებდი... მანაც მიყურა რამდენიმე წამის განმავლობაში და ჩემს თვალებში ამოკითხა, ალბათ, ის, რაც მერე სიტყვებით ჩამჩურჩულა:
   – საშა მას, დედაჩემს არ უთხრათ, რომ ვჭამდი გაკვეთილზე და ნახევარ "ბულკს" თქვენ მოგცემთო....
  ..იმან კარგად იცოდა, რომ არავის არაფერს ვეტყოდი, უბრალოდ ისევე გამეხუმრა, როგორც მე მიყვარდა ხოლმე მათთან ხუმრობა.... თუმცა ისეთი საშინელი დრო იყო, შეიძლება ჩემს თვალებშიც შიმშილი დაინახა)))))

ამ ჩვენმა ხალხმა რამდენი
იწვალა და იშიმშილა...
თავი რომ გადაგვერჩინა,
ვინ ქვა გაყიდა, ვინ – სილა;
გარედან მტერი მოგვიხტა,
"მოყვარემ" გვტკიცა შინ სილა...
ოჰ, ღმერთო, გთხოვთ, მოგვაშორე
პოლიტიკოსთა სინსილა!

ნიავარანის ბაღში


...თეირანის იმამის საავადმყოფოში ექიმებმა ჩემს ცხოვრებაში მესამედ გადამარჩინეს - ისინი რაღაც თავისი კარდიოგრამებს მიჩხიკინებდნენ, მე კი სიკვდილი თენგიზ ჩანტლაძის ცნობილი ფრაზით მეკეკლუცებოდა – "ხომ ხედავ, უკვე სამჯერ არ დაგიჭირეო".
...
მეორე დღეს ჩემმა სტუდენტობისდრონდელმა მეგობარმა და მასპინძელმა ნიკომ "ნიავარანის ბაღში" წამიყვანააქ შედარებით სუფთა ჰაერიაო... თეირანისთვის "სუფთა ჰაერი" დღეს უპირველესი პრობლემაა, რადგან ყოველდღიურად მას (ჰაერს) ოთხი თუ ხუთი მილიონი ავტომოტო სატრანსპორტო ერთეული აბინძურებს. არ ვიცი, შეიძლება "ნიავარან" ასეც გავშიფროთ – "ნიავის მომტანი", მაგრამ ირანის უკანსკნელ შაჰს თავის ერთერთ რეზიდენციად სწორედ ეს ადგილი რომ შეურჩევია, ნამდვილად არ შემცდარა... ზაფხულში აქ, ალბათ, გრილა, იმ დღეს კი დიდრონი ფანტელები ცვიოდა ციდან...
...
სანამ ნიკო მანქანის გასაჩერებელ ადგილს ეძებდა, მე მარტო ვიდექი და, რა გასაკვირია, რომ რობაი შემოფრთხიალდა საფიქრალში და სამახსოვროდ დამიტოვა 2012 წლის 9 თებერვალი, როცა ათოვდა ზამთრის ბაღებს...

ნიავარანის ბაღში მნახეთთქვენგან ნატრული,
ისე თოვს, თითქოს ცაა მუცელგამოფატრული;
პროზაულ სიკვდილს გავექეცი უკვე სამჯერ და
დამრჩა სულ ბოლოპოეტური! – ალბათ, მხატვრული..

სათხრობელა #1


(ეს ახალი სიტყვა – სათხრობელა – მოვიგონე იმ სათქმელ–საწერისათვის, რასაც დროდადრო შემოგთავაზებთ... საფრთხობელა თუ არსებობს, სათხრობელამ რაღა დააშავა?)

1973 წელს თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო (!) ფაკულტეტზე ვაბარებდი გამოცდებს, კონსულტაციებზეც დავდიოდი, რომელსაც ლილი იოსელიანი ატარებდა, ვიყავი "სასცენო სულიერებით" აღვსებული და რა ბედნიერებაა და რა გონიერი გამომცდელები შემხვდნენ, რომ არ მიმიღეს ამ ინსტიტუტში... უდიდესი მადლიერების გრძნობით ვარ მათ მიმართ განმსჭვალული, რადგან დღევანდელობაში ამარიდეს ერთი უნიჭო საშუალო მსახიობის გაწამაწიას და იმის შეგრძნებას, რომ რუსეთში ნაშოვნი ფულით ჩუმად უნდა მეჭამა კარაქი და პური, ცხადად და ვინმეს ძალდატანებით კი იმ "მარჩენალ" რუსეთზე ლანძღვა–გინებით ამეკლო ქვეყანა... (იმ ცნობილ "სიაში" ხომ მომახვდერებდნენ, როლებს თუ არ მომცემდნენ). 
* * *
სადღაც მაისის თვე იყო, თეატრალური ინსტიტუტის პირველ სართულზე ვიდექით მე და კიდევ რამდენიმე "აბიტურიენტი". ჩემს გვერდით ერთი ალამაზებულ–ჩალამაზებული გოგო იდგა და მთელი ჩემი ყურადღება მისკენ იყო მიმართული, ვის ახსოვდა თეატრი და სცენის მტვერი?! ის კოხტაფეფებიანი გოგო რატომღაც თოჯინების თეატრის განყოფილებაზე აბარებდა და მე გაოცებულმა ვკითხე – რატომ თოჯინები–მეთქი?! იქვე ერთი ჩვენნაირი იდგა (მერე ის მსახიობი გახდა და, ალბათ, ზემოთხსენებულ სიაშიც მოხვდა), ჰოდა, მან რუსულად ჩაილაპარაკა - Куклы - это великое искусство! -  და წავიდა რუსული "ბაზარი"... მე სულ "ნეუჟელი–პაჟალუსტათი" ვცდილობდი ფონს გასვლას, აბა, სად მქონდა იმდენი გამოცდილება, რომ რუსულად მაღალ ხელოვნებაზე მელაპარაკა, ჩვენს უბანში ერთი რუსი ცხოვრობდა და ისიც გიჟი ქალი იყო, მარტო ეს მესმოდა მისგან: "უტრომ რანა არკობანა, საგამოთი გვინობანა" – და, აბა, რომელი სასაუბრო რუსული მე უნდა მცოდნოდა, თუმცა ლერმონტოვის "მწირი" სულ ზეპირად ვიცოდი და ჩემი პირველი თარგმანიც სწორედ ეს პოემაა (მთლიანად):
Немного лет тому назад
Там, где сливаяся шумят
Обнявшись будто две сестры
Струи Арагва и Куры
Был монастырь....
"მას შემდეგ დიდ დროს არ გაუვლია,
სადაც ერთვიან და ხმაურია,
გადაჭდობილან ვით ორნი დანი,
ტოტი არაგვის და ტოტი მტკვარის,
იყო ტაძარი..."
...მაგრამ იმ "куколка-красотулечка"–ს პოეზია ნამდვილად არ აინტერესებდა და მეც მივყვებოდი მის რუსულ მასლაათს, როგორც შემეძლო, ვურჩევდი, რომ თოჯინების თეატრზე არ ეფიქრა, თვალებით კი,ალბათ, ასეთ ლექსებს ვეუბნებოდი:
აფსუს კოხტა ფეფები და გაპრანჭული გავა,
ნუთუ ვეღარ უნდა ვნახო, ფარდის ქვეშ თუ ჩავა....
შენ ფარდის წინ უნდა იდგე აშოლტილი ფეფებით,
დარბაზიდან გნახავ მაშინ გულის შემოფეთებით... 
(და ასე შემდეგ.... თვალებით ვეუბნებოდი, განა ენით, სად ვიცოდი იმდენი რუსული რომ "ფეფები და გაპრანჭულობა" მეთქვა....)

ამ ჩვენს საუბარს თურმე იქვე მდგარი ერთი საშუალო ასაკის ქალბატონი უსმენდა, მისი სახე და იერი ახლაც მახსოვს – ძალიან სანდომიანად გამოიყურებოდა და რაღაცით მადლიანი ხელით გამომცხვარ გაფუმფულებულ ხაჭაპურს ჰგავდა.... გვისმინა, გვისმინა და გვითხრა:
– არა გრცხვენიათ, რუსულად რომ ლაპარაკობთ?! გისმენთ და ვხვდები, რომ ქართველები ხართ და თავს იტანჯავთ უცხო ენაზე ლაპარაკით–ო.... რატომ იტანჯებით, შვილებო?!
...მართალი გითხრათ, მაშინ პირველად გავიგე, რომ რუსული თურმე "უცხო ენა" ყოფილა და ენა ჩამივარდა, იმ ჩემმა თანამოსაუბრე "куколка"–მ კი აიბზუა ცხვირიც და ბევრი სხვა რამეც და გაგვეცალა კოხტა ფეფებით...

მერე წავედი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, იქ ხაიამის რობაიებიც ვთარგმნე, მის ერთ რობიას ახლა გადავაკეთებ და საადის ჰექაიათების (იგავების) სტილში დაწერილ "სათხრობელას" ასე დავამთავრებ:

მოდი, გული გამიხარე, მოდი ჩემთან, ჩემო კარგო,
იქნებ შენი ტკბილქართულით ჩემს საფიქრალს რამე არგო?!
შენთან მინდა მოვილხინო, სულ ქართულად ვიღიღინო,
მშობლიური ჩემი ენა გულზე მინდა დავიქარგო.

მართალია, ღობე–ყორეს მივედ–მოვედე, სათქმელი ჩავხლართე იმ მხატვრისა არ იყოს, რომელმაც "ღმერთი მაღალი ახსენა.... მეფე ერეკლეს ხატავდა და გამოვიდა არსენა", მაგრამ გამგებმა, ალბათ, გაიგო.

 ...ამ ცხოვრებაში კი მთავარია გაგება!

სამი პატარა "წვერებიანი" ამბავი... მორალით


პირველი "წვერებიანი" ამბავი

    მეოთხე კურსზე რომ ვიყავი, მეორე სემესტრის დასაწყისში გამგზავნეს ხარკოვში, რათა ირანელ რკინიგზელებთან თარჯიმნად მემუშავა; წარმოიდგინეთ: ჩვენს ფაკულტეტზე ვსწავლობდი ფირდოუსის და ხაიამის თუ ჰაფეზის ენას და უცებ უნდა მემუშავა ირანის რკინიგზის (აზერბაიჯანელ) სპეციალისტებთან, რომლებიც მანამდე ორთქლმავლებს დაატარებდნენ და ახლა თავრიზ–მეშჰედის სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროფიცირების გამო, ელექტროსაქმე და ზოგადად მთელი ელექტრობა უნდა შეესწავლათ, ხოლო მე მეთარგმნა... ეს იგივეა, მავანი ინგლისელ ქართული ენას რუსთველის და გურამიშვილის პოეზიით რომ გასცნობოდა და მერე გურულ გლეხებთან აღმოჩენილიყო იმ სპეციალისტების საუბრების სათარგმნელად, ვინც ჰიბრიდული სიმინდის პოპულარიზაციას ეწევა საქართველოში...
    ჩემი სათარჯიმნო პრაქტიკის კურიოზები ცალკე თემაა, ახლა სხვა რამ გამახსენდა:
    ხარკოვის თეორიული კურსის დასრულების შემდეგ კრასნოდარში გადავედით ცოდნის პრაქტიკულად გასამყარებლად.... ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ვდგავარ რაიონულ ცენტრ ტიტაროვკაში, ველოდები "ელექტრიჩკას", რათა დავბრუნდე "სახლში" (კრასნოდარის სასტუმრო "კავკაზ"–ში) და უცებ ერთი მთვრალი ამეკიდა... მიყურებს... მიყურებს.... გარშემო მივლის....თვალს არ მაშორებს; დამავიწყდა მეთქვა, რომ უნივერსიტეტის სამხედრო კათედრიდან რაწამს თავისუფლად ვიგრძენი თავი, მადლიანად მოვუშვი თმაც, წვერიც და ულვაშიც და დავისვენე... არადა, იმ რუს ტიტაროვკელ ლოთს თურმე სწორედ რომ ჩემი წვერი არ მოეწონა.
    მომიახლოვდა და მეუბნება: – Слушай, Саш, ты бороду отрастил и думаешь, не узнал тебя? А ну пойдем в магазин, ты мне бытылку должен.... 
    მე ხმა არ გავეცი; რუსული სახელი რომ მქვია და ამიტომ რომ შევეშალე ვინმეში, არ გამკვირვებია, მაგრამ რა "ბუტილკა", რის "ბუტილკა"?!
    იმ რუსმა გამიმეორა იგივე და ისევ არ გავეცი ხმა...
   მესამედ რომ დააპირა "ბუტილკის" ხსენება, მე ჩემი  ჩვეულებრივი ქართული აქცენტით ვუთხარი – Отстань, уходи, я не тот человек, за которого ты меня принимаешь-მეთქი და... მივხვდი, თუ რამეს არ ვიღონებდი, ტიტაროვკაში სადგურზე მოსეირნე ბევრი ლოთისგან სიკეთე არ დამადგებოდა.
   – Ты чё, издеваешься?! Бороду отрастил, еще и с грузинским акцентом говоришь, чтобы тебя не узнали?!.... ეს უკვე ისეთი საგანგაშო ტონით ითქვა, რომ ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი და.... საერთოდ ჩავიკმინდე ხმა... ამდროს "ელექტრიჩკა" ჩამოდგა (სულ 3–4 წუთი იდგა ხოლმე იქ), შევახტი ვაგონს და თავი გადავირჩინე....
   * * *
    იმის შემდეგ სულ ვფიქრობ დ ესღა დავასკვენი: 1955–56 წლებში მამაჩემი კრასნოდარში მუშაობდა.... ჰოდა, გასაგებია, რომ იმ ლოთს შევეშალე ვიღაც ჩემთვის უცნობ ჩემს ძმაში, რომლის არსებობა, ალბათ, მამაჩემმაც არ იცოდა... მე კი უნებლიედ აღმოვაჩინე ეს ფაქტი! არადა, სახელიც რომ დაემთხვა?!
    მორალი:
    ნუ ივლი წვერმოშვებული იქ, სადაც მამაშენი წვერგაპარსული დადიოდა!


  მეორე "წვერებიანი" ამბავი

    90–იანი წლების დასაწყისში ირანულმა ფირმება თავისი საქონლის გამოფენა–გაყიდვა მოაწყეს "ბავშვთა სამყაროში"; მე მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა შექმნილი ჩემი გადამრჩენელი გაზეთი "ფანტაზია" და სამუშაოს დავეძებდი, ამიტომაც აღმოვჩნდი იმ გამოფენა–გაყიდვაზე ჩემთვის ჩვეულ, თარჯიმნის როლში; ვიდექი დახლთან და ვთარგმნიდი ქართულ–ირანულ სავაჭრო დიალოგებს.... წვერი, როგორც ჩემი გარეგნობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა, მოშვებული მქონდა, მით უმეტეს, რომ ირანელებთან მიხდებოდა მუშაობა და, ალბათ, ინტუიტიურად დავემგვანე კიდეც მათ.... 
    ერთ დღეს, "ბავშვთა სამყაროში" სამუშაოდ რომ გამოვცხადდი, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი დაკეტილი იყო და შიგნით არავის უშვებდნენ (მე უპრობლემოდ გამატარეს, ირანელი ვეგონე); თურმე იმ დღეს შევარდნაძე უნდა მოსულიყო გამოფენა–გაყიდვის დასათვალიერებლად.... ჰოდა, შიგნით შენობაში იყო ერთი ჩოჩქოლი და წრიალი, ცალკე ჩვენები ემზადებოდნენ, ცალკე ირანელები ალამაზებდნენ თავის დახლებს და.... იმ დახლზე, სადაც მე ვიდექი ხოლმე. ტკბილეულიც დაალაგეს და დავიწყეთ ლოდინი... შევარდნაძეც მალე გამოჩნდა, ათვალიერებდა და იღიმოდა, ესაუბრებოდა სტუმრებს თუ თანხლებ პირებს... მე ირანელებმა დამარიგეს, ჩვენს დახლთან რომ მოვა, შესთავაზე ტკბილეული მიირთვასო; მეც ჩამოვაყალიბე გონებაში ტექსტი, თუ რა უნდა მეთქვა სახელმწიფოს ხელმძღვანელისთვის და რომ მოგვიახლოვდა, ვუთხარი:
    – ბატონო ედუარდ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! გთხოვთ მიირთვათ ირანული ტკბილელული!
    მან გამიღიმა, ხელი ჩამომართვა, გასინჯა რაღაც ჰალვა–მალვა და ორიოდე ნაბიჯით რომ გამშორდა, თავის თანმხლებ პირებს ჩემს შესახებ უთხრა: "ნახეთ, იმ ირანელმა როგორი უაქცენტო ქართული იცისო!" –  და ერთხელ კიდევ გამოიხედა ჩემსკენ მომღიმარი თვალებით....
    * * *
    აბა, ახლა გულზე ხელი დაიდეთ და თქვით – რომელ თქვენგანს დაუმსახურებია საქართველოს პრეზიდენტისგან შექება ქართული ენის კარგი ცოდნის გამო?....
    მერე რა, რომ ირანელი ვეგონე....
    მორალი
    სადაც წახვალ, იქაური წვერი მოუშვიო.  

   
  მესამე "წვერებიანი" ამბავი

   ირანის საელჩოში ვმუშაობდი მცირე ხანს; მოხდა ისე, რომ ჩემი იქ მუშაობა დაემთხვა ისლამური რევოლუციის ერთ–ერთ წლისთავს და საელჩომ გრანდიოზული სადღესასწაულო მიღება გამართა სასტუმრო "მეტეხში", სადაც ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე ირანელი დიპლომატები მისაღები დარბაზის კართან დადგნენ და ესალმებოდნენ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს. დიპლომატები ერთ მხარეს ჩამწკრივდნენ, თარჯიმნები კი მოპირდაპირე მხარეს გაგვამწესეს და ჩვენს შორის გადიოდნენ წვეულნი: პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ დიპლომატები....  აღარ დავაკონკრეტებ ჩემი წვერის არსებობის ფაქტს (საელჩოში მუშაობისას მით უმეტეს წვერმოშვებული ვიყავი), ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ კარის ერთ ნაპირზე იდგა ირანის ელჩი, მშვენიერი და მოვლილი წვერით, მის მოპირდაპირე ნაპირზე კი ვიდექი მე, მოუვლელი, მაგრამ მაინც მშვენიერი წვერით.... დარბაზიდან კი გამოდიოდა კლასიკური სპარსული რაჰათ–ლუხუმების თუ ნაირ–ნაირ ნუგბარი საკვების სურნელი და ქვეცნობიერად, ალბათ, ყველას ყურადღება მაინც იქით გარბოდა.... უცებ, სად იყო, სად არა... ჩინეთის დელეგაცია გამოჩნდა და არ ვიცი, ირანის ელჩთან მისალმების რიგში დგომა არ ისურვეს თუ დარბაზიდან გამომავალმა არომატმა იქ ჩქარა შესვლისკენ მიიზიდა, ჩინეთის ელჩი თანმხლები პირებით პირდაპირ ჩემსკენ გამოეშურა, მაგრად ჩამომართვა ხელი და მომმართა მოსასალმებელი სიტყვით, რომელიც თარჯიმანმა რუსულად მითარგმნა და მე უდიდესი სიამაყე ვიგრძენი იმის გამო, რომ ის დიდი რევოლუცია, რომელიც 1979 წელს განხორციელდა ირანში თურმე მე და ჩემისთანა პატრიოტებმა მოვაწყეთ და რომ ჩემი მსგავსი გმირი ბევრი უნდა ჰყავდეს აზიის ამ დიდ და მრავალჭირნახულ ქვეყანას!!!!  (მიხვდით ხომ – მე ირანის ელჩი ვეგონე იმ პატიოსან ჩინელ დიპლომატს, რომელსაც ჩემი წვერი, ალბათ, ძალიან მოსწონდა, საკუთარი უწვერობის ფონზე, მაგრამ თვალი და ცხვირი მაინც რაჰათ–ლუხუმებისკენ გაურბოდა)
    * * *
   არც მეტი არც ნაკლები, "შაჰნამეს" დიდი გმირის როსტომზე ნაკლები არ მეგონა იმწუთს საკუთარი თავი!... მოდი და ნუ გეგონება, როცა ამას მილიარდნახევრიანი სახელმწიფოს ოფიციალური ელჩი გეუბნება!
   არ უნდა დამეჯერებინა?!
   აღარც რაჰათ–ლუხუმი მახსოვდა და აღარც ჰალვა, გამოვიძურწე იმ შეხვედრიდან, რომ დოპლომატიურ აფიორაში არავის დავედანაშაულებინე და ცოტახანს მაინც მეგრძნო თავი ირანის გმირთაგმირად!
   ....ფაჰლავანად და ყაჰრამანად!
     მორალი
    ერთი წვერ მაინც მოუშვი ჩინეთის მეგობარია!