среда, 31 марта 2021 г.

რა არის ჯამე?

 მკითხეს, ვუპასუხე...

ახლა თქვენთვის უფრო ფართოდ დავწერ - რატომ ეძახიანო აჭარაში მეჩეთს „ჯამეს“...

„ჯამე“- სიტყვასიტყვით „შემკრებს“ ნიშნავს (ვრცლად ასე ამბობებ - მასჯად-ე ჯამე' - [ხალხის] შემკრები სალოცავი ადგილი)... ყველამ იცით, რაც არის „ჯამაათი“ (ხალხო და ჯამაათო)... როგორც ხედავთ, „ჯამე“ და „ჯამაათი“ ერთმანეთთან უშუალო კავშირშია... დიახ, გაგახსენდებოდათ კიდევ სიტყვა „ჯამი“ (როგორც შეკრების შედეგი)... ეს სიტყვაც ამ რიგში დგას: ჯამე (შემკრები), ჯამაათი (შეკრებილი ხალხი), ჯამი (შეკრების შედეგი).

ამ სიტყვას ჩვენთვის აკუსტიკურად ჰგავს სხვა, ამავე ძირის, არაბული სიტყვაც „ჯამ'ე“, რასაც ისინი ისე წარმოთქვამენ, რომ ერთმანეთს სულაც არ ამსგავსებენ, ჩვენთვის კი ერთნაირად ჟღერს, თუმცა მე სხვა რამის თქმა მინდოდა... არაბებმა თავის პრობლემებს თვითონ მიხედონ, ჩვენთვის კი ის არის საინტერესო, რომ ეს სიტყვა „ ჯამ'ე“ ისეთ სამ სიტყვაშია დღეს შემორჩენილი, რომელთაგან ორი საერთაშორისო მნიშვნელობისაა და „ევროპული“ ჰგონიათ, ერთი კი შეიძლება ზოგმა ქართულად ჩათვალოს...

ვითომ „ქართულით“ დავიწყოთ:
1) ჯამ'ეგირ = ჯამ'ე+გირ... დიახ, ეს გახლავთ „ჯამაგირი“ (ხელფასი); ამ შემთხვევაში ეს „ჯამ'ე“ ტანსაცმელს, სამოსს ნიშნავს და გამოიყენება დაახლოებით ამ აზრით - სამოსის შესაძენად აღებული გასამრჯელო...

„ჯამ'ე“ ვითომ „ევროპულ“ სიტყვებში:
2) ჯამ'ედან = ჯამ'ე+დან.... ტანსაცმლის შემცველი, ჩასალაგებელი... ანუ? - დიახ, ჩემოდანი.
3) ფაიჯამ'ე = ფაი+ჯამ'ე... „ფაი“ - ფეხი... ესე იგი „ფეხებზე ჩასაცმელი“ და აქედან რა სიტყვა მიიღო ევროპამ? - დიახ, „პიჟამა“ (საუბარში ჩვენ უფრო ხშირად „პიჟამოს“ ვამბობთ)... განმარტებით ლექსიკონში კი წერია, რომ ეს არის ინდური სიტყვა: [ინგ. pyjamas ინდურიდან] 1. საშინაო ან ღამით ჩასაცმელი ტანისამოსი; შედგება შარვლისა და კურტაკისაგან. 2. ინდოეთში – თხელი ქსოვილის განიერი შარვალი.
ეს არ არის სწორი, უნდა ეწეროს „არაბულ-სპარსული“... ეს დიდი უბედურება არ არის ჩვენთვის, მაგრამ მაინც სასურველია, რომ შესწორდეს...

ასე რომ, ამ სიტყვების შესახებ (ჯამე, ჯამი, ჯამაათი, ჯამაგირი, ჩემოდანი, პიჟამა) შეგვიძლია ვთქვათ, რომ არცერთი არის ქართული და არც დანარჩენი - ევროპუ-რუსული ყველა „ბედკრული არაბულის შვილები“ არიან...

вторник, 9 марта 2021 г.

ასო-ბგერა „ჟ“- ს შესახებ

...ადრეც ვფიქრობდი ამაზე და ერთხელ ფეისბუქშიც გამოვაქვეყნე მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბგერა „ჟ“ ოდესღაც არ გვქონდა ჩვენ... მსგავსი მოვლენები - ამა თუ იმ ბგერის არქონა - თითქმის ყველა ენაში შეინიშნება და არც ქართულისთვის იქნებოდა უცნაური ასეთი ბგერის არარსებობა.

ეს იყო ვარაუდი და ემყარებოდა ძირითადად „ვეფხისტყაოსანს“ და „ვისრამიანს“, სადაც „ჟ“ გვხვდება მხოლოდ 11 სიტყვაში, რომელთაგან უმეტესი სხვა ენებიდან არის შემოტანილი... დიახ. ეს იყო ვარაუდი „და აწ დამტკიცებულად გეტყვით“, რომ ჩემი ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება...

სანამ კონკრეტულ მაგალითებზე ვილაპარაკებ, უნდა გითხრათ, რომ ეს ბგერა “ჟ“ ძალიან ორგანული და აუცილებელი აკუსტიკური ელემენტია სპარსულისა და სომხურისთვის (ეს ენები ისეთივე „ძმები“ არიან, როგორც ქართული და მეგრულია); უფრო მეტიც, თუ სიტყვაში ეს ბგერა ურევია, სპარსულენოვანი ხალხი დარწმუნებულია, რომ ეს ნამდვილად მათი სიტყვაა მაშინ, როცა თანამედროვე სპარსულის 80% არაბული ლექსიკითაა გაჯერებული...

ახლა ჩვენს (ჰ)აგიოგრაფიას მივხედოთ:

„შუშანიკში“ არის ერთადერთი სიტყვა „ჟამი“, რომელიც შეიცავს ხსენებულ ასო-ბგერას; ასეთი სულ 13 შემთხვევაა: ჟამი (2), ჟამთა(1), ჟამსა (3), ჟამამდე (1), უჟამოდ (1) რაჟამს (5)

„აბოსთან“ (რომელიც უფრო დიდი ტექსტია) ასეთი ვითარებაა: გვაქვს მხოლოდ სიტყვა „ჟამი“, სადაც ფიგურირებს ასო-ბგერა „ჟ“ და არის ამ ასოს გამოყენების 28 შემთხვევა, ოღნდ ეს „ჟამი“ უკვე მეტი ფორმებითაა წარმოდგენილი და „შუშანიკესეულ“ ვარიანტებს ემატება თითო შემთხვევა ასეთი სიტყვებისა: ჟამისათვისცა, ჟამისათა, ჟამად-ჟამად, ჟამადმდე, მყოვარ-ჟამ....

და ყველაზე უფრო საინტერესო არის ის, რომ არც „შუშანიკი“ და არც „აბო“ არ იცნობენ ისეთ ორგანულ  ქართულ სიტყვას, როგორიც გახლავთ „დრო“.

აქედან გამომდინარე შეიძლება არსებობდეს სამი ვარაუდი: 1) ან არ არსებობდა ქართულში ეს სიტყვა მე-10 საუკუნემდე ან 2) პრინციპულად არ იყენებდნენ მას იაკობ ცურტაველი და იოანე საბანისძე ან 3) მე-8 საუკუნის შემდეგ შემოვიდა ქართულში ეს სიტყვა... იგულისხმება „დრო“

რატომ მე-10 საუკუნემდე? იმიტომ, რომ „გრიგოლ ხანძთელში“ უკვე გვხვდება სიტყვა „დრო“ (სამჯერ);

რაც შეეხება „ჟ“-ს, გიორგი მერჩულე 201-ჯერ იყენებს მას უკვე ხსენებული „ჟამის“ ვარიაციებით და აქვე შემოაქვს სხვა (ნამდვილად არაქართული) სიტყვა, რომელიც შეიცავს „ჟ“-ს... ეს გახლავთ პატიჟი..

მე უკვე „დამტკიცებულად“ ვამბობ, რომ „ჟ“ არის ჩვენი „გერი შვილი“, რასაც კიდევ ერთი ფაქტი ამტკიცებს: ჩემს უნივერსალურ ენციკლოპედიურ ლექსიკონში, სადაც 90 ათასამდე სიტყვაა თავმოყრილი (პირველ გამოცემაზეა ლაპარაკი), ყველაზე ცოტა სიტყვა სწორედ „ჟ“-ზე იწყება - 351 

* * *

მე ჩემი აზრი მოგახსენეთ, ახლა თქვენ იფიქრეთ, თუ ამის სურვილი გექნებათ - გავუმჟღავნოთ მას თუ არა, რომ ჩვენი ღვიძლი შვილი არ არის და ამით გული ვატკინოთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: ჟრუანტელი, ჟუნჟრუკო, ჟუჟუნა და ა.შ.

суббота, 13 февраля 2021 г.

სპორტული მონოლოგი

დღეს ჩვენს დიდ კალათბურთელზე, ზურაბ საკანდელიძეზე არსებულ ინფორმაციას მივყევი ინტერნეტში და ძალიან ბევრი საინტერესო რამ გავიგე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ:

ბატონი ზურაბი იყო კალათბურთელი, რომელსაც ჰქონდა მოპოვებული სამივე უმაღლესი ტიტული ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონისა.. მისი თამაში მინახავს სპორტის  სასახლეში, 1968-74 წლებში... ისე კი, 1963 წლიდან დაიწყო „დინამოში“ თამაში, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი...

ახლა მთავარ სათქმელს გეტყვით:

რუსებს 2017 წელს გადაუღიათ მხატვრული ფილმი «Движе́ние вверх», რაც 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალს ეხება; ამ დრამატულ მატჩში სსრკ-მ დაამარცხა აშშ და პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. თავად ფილმი დიდი არაფერია, ტიპიური ახლანდელი „მუვი“ გახლავთ, რასაც საბჭოური კინოხელოვნების იდეოლოგიური გადმონაშთებიც ემატება, მაგრამ მაინც საინტერესოა სანახავად, თუნდაც იმიტომ, რომ ხსენებულ მატჩში თამაშობდნენ: ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია და ქართული კალათბურთის აღზრდილი სერგეი კოვალენკო (მან თბილისის „ქარიშხალაში“ დაიწყო თამაში და მერე კიევის „სტროიტელში“ წაიყვანეს). 

ამ ფილმს ტრიუმფით მოუვლია რუსეთის ეკრანები და ყველა დროის მაღალშემოსავლიანი ბლოკბასტერი ყოფილა დღეს... ის უყიდია ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკასაც კი  თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ნაკრებში ერთადერთი იქაური კალათბურთელი - მოდესტას პაულაუსკასი -  თამაშობდა... ჩვენთან კი, მგონი, ამ ფილმის შესახებ არავინ არაფერი იცის... ვიმეორებ - ფილმი ბევრი არაფერია, მაგრამ იქ ორი დიდი ქართველი კალათბურთელის ამბებიც არის მოთხრობილი და ამან მაინც უნდა დაგვაინტერესოს...

...1972 წლის კალათბურთელთა ტურნირის ფინალურ მატჩში სამი წამი იყო დარჩენილი, როცა საბჭოთა კავშირმა მოახერხა ბურთის ჩაგდება და ერთი ქულით მოუგო აშშ-ს... მანამდე კი... ეს სამწამიანი ფინალი სამჯერ გადაათამაშებინეს, რადგან კაცი, ვისაც წამზომის ჩართვა-გამორთვის ღილაკი ებარა, შეგნებულად ძალიან ჩქარობდა და ადრე თიშავდა ღილაკს, რათა აშშ-ს მოეგო... ბოლოს თავად ამერიკელი კაცი ჩაერია საქმეში, ადამიანი, ვისაც იმ ეპოქის კალათბურთის წესებისა და სამართიანობის დაცვა ევალებოდა და სამი წამი ზუსტად დაიცვა, რამაც საბჭოთა კავშირის ნაკრებს საშუალება მისცა, რომ გადამწყვეტი ბურთი ჩაეგდო კალათში... ეს ყველაფერი მე იმ 1972 წლის ზაფხულშივე მშვენივრად ვიცოდი, რადგან ვუყურე ტელერეპორტაჟს მიუნჰენიდან, თუმცა არ ვიცოდი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი - დროის ხსენებული ღილაკის კონტროლი თურმე ებარა, იცით, ვის?! -  იოზეფ ბლატერს.. (ეს არ არის ჭორი, რადგან მე თავად ვუსმინე ახლა გომელსკის შვილს, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა ხსენებულ მატჩს მიუნჰენში).  ჰოდა, ეს (ბლატერი) ის კაცია, რომელიც იმ დღეს კალათბურთის სამყაროდან წავიდა და გადაბარგდა ფეხბურთში... სადაც  გახდა ფიფა-ს პრეზიდენტი 1998-2015 წლებში, საიდანაც დაითხოვეს, რადგან კორუფციული მაქინაციების ქსელი გააბა და პირველ რიგში ამბობენ იმას - მისი უშუალო „ღვაწლია“, რომ 2018 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა არა ინგლისში, არამედ რუსეთში... 2022 წელს კი ყატარში უნდა ჩატარდეს... ქვეყანაში, სადაც  უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს იმდენი ქალაქი, რომ 32 გუნდის მატჩებს უმასპინძლოს..

ჰოდა, ამ იოზეფ ბლატერის „ღვაწლთა“ გამო საქართველო კარგავდა ორ ოლიმპიურ ჩემპიონს - ზურაბ საკანდელიძეს და მიხეილ ქორქიას... ქართულმა ფეხბურთმა კი რაც დაკარგა იმით, რომ ახლა ფეხბურთი სპორტი კი არა, ბიზნესია, ეს ჩემზე კარგად მოგეხსენებათ...

სპორტული გადაცემა თქვენი თხოვნით, მეგობებო,  დამთავრებულია. 

რეპორტაჟს უძღვებოდა ქართული სპორტის სტაჟიანი გულშემატკივარი („ქომაგი“ არ თქვათ, რადგან არაქართული სიტყვაა და „დამხმარეს, ხელშემწყობს“ ნიშნავს).

четверг, 11 февраля 2021 г.

რას არ გაიგებს კაცი

ანუ „არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს“


ყოველთვის მიკვირდა 1945-47 წლებში თბილისის „დინამოში“ საიდან მოხვდა ფეხბურთელი „იტალიური“ გვარით - „ბოგატელო“?! ისიც უნდა გითხრათ, რომ ამ გვარის იტალიურობაში მუდამ ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ თბილისს რას გაუგება?! იმდენი ერის და ჯურის ადამიანს უცხოვრია აქ, რომ, მგონი, ამდენი თავად დედამიწაზეც არ არსებობს...
ჰოდა, დღეს წავაწყდი ასეთ ინფორმაციას:
მიხეილ ჭაბაშვილის მოგონებებიდან:
ერთი ჩემი თანაკლასელი ქალი – შუშიკა პეტრუსოვი (ასურელი იყო) სარდაფში ცხოვრობდა. ასევე სარდაფში ცხოვრობდა მეორე თანაკლასელი ალბერტა ბაგატელიც. როგორც შემდეგ გავიგე, ნასომხარი იყო და მისი ნამდვილი გვარი იყო ბაგატელოვი. ერთხელ ეს ალბერტა მეუბნება, ჩვენს სახლში სულ შიშლიკებს ჭამენო. „შიშლიკი“ რა იყო, არ ვიცოდი, მაგრამ მაშინვე წარმოვიდგინე ტაფაზე შემწვარი ნერწყვის მომგვრელი ხორცის ნაჭრები (ე. ი. თითქმის მივმხვდარვარ, რას ნიშნავდა „შიშლიკი”). ალბერტა ფრონტზე დაიღუპა. უფროსი ძმა ჰყავდა – გავრიკა. ფეხბურთს გაჰყვა და დიდობაში გვარი იტალიურ ყაიდაზე გადაიკეთა. ერთ ხანს ჩვენში საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი იყო, მარჯვენა გარემარბი გავრო ბოგატელო...
* * *
ჩემგან კი იმას დავამატებდი, რომ ეს „ბაგატელოვი“ მე-19 საუკუნეში ისეთივე გარუსებული ფორმაა, როგორიც ბარათოვი ან ციციანოვი, სინამდვილეში ხსენებული გვარის ფუძეში არის სიტყვა „ბაღათერ/ბაღათურ“, რაც თავისთავად თურქულენოვანი სამყაროდან მოდის და მისი განშტოებაა თუნდაც რუსული სიტყვა „Богатырь“...

P.S. რაც შეეხება „შიშლიკ“-ს, ეს გახლავთ შამფურზე აგებული ხორცის ექვსი ნაჭერი: სპარსული „შიშ“ (ექვსი) + თურქული „ლიქ“ (ერთობის, მთლიანობის აღმნიშვნელი სუფიქსი).

вторник, 9 февраля 2021 г.

ლინგვისტური პარადოქსები

ანუ რა აქვთ საერთო ქართულ «ხიზანს», რუსულ «хозяйн»-ს და 

სპარსულ «შემოდგომას» (خزان)


  • სიტყვები ადამიანებივით მოგზაურობენ და, ცნობილი ანდაზისა არ იყოს, სადაც ჩადიან, «იქაურ ქუდს იხურავენ»; ხშირ შემთხვევაში კი იმდენად იცვლიან ფორმას და შინაარსს, რომ სრულიად კარგავენ კავშირს თავის წარმომავლობასთან და იმ ენის წესებით და კანონებით აგრძელებენ ცხოვრებას, სადაც მკვიდრდებიან...
  • აბა, რა შეიძლება იყოს საერთო  ქართულ «ხიზანს» და რუსულ «хозяйн»-ს შორის?! შინაარსობლივად ამ სიტყვებში დიამტერალური სხვაობაც კი არსებობს, რადგან ერთი მათგანი არის მფლობელი (хозяйн, ძველ თბილისში ახლაც ამბობენ - «ხაზეინი»-ო), მეორე კი სხვის სამფლობელოს შეფარებული ადამიანი – «ხიზანი», თუმცა რომ დავაკვირდებით, ჟღერადობით ნამდვილად ჰგვანან ერთმანთს, რაგან სამ ერთგვარ თანხმოვანს ეფუძნებიან (ხ-ზ-ნ) და სწორედ ამ თანხმოვნებშია საქმე, რადგან არაბული ენიდან გამოემგზავრნენ ეს სიტყვები (და კიდევ სხვებიც, რომლებსაც ახლავე ვნახავთ).
  • არაბულ ენაში ხსენებული სამი თანხმოვანი (ხ-ზ-ნ) ქმნის სიტყვას «ხაზან» (خَزَن), რასაც შემდეგ მნიშვნელობები აქვს: 1) დაგროვება, მარაგის შექმნა. 2) შენახვა, საწყობში განთავსება... ეს „ხ-ზ-ნ“ ქმნის ბევრ ვარიანტს თავად არაბულში და, მგონი, უკვე გასაგებია, რატომ მოდის იქიდან ქართული «ხაზინა» (სალარო, საჭურჭლე, სახელმწიფო ქონება) და  «ხიზანი» (ის, ვინც სხვამ უნდა შეინახოს, შეიფაროს)... ამ სამ თანხმოვანთან უკვე «хозяйн»-ის კავშირიც გასაგებია, თუმცა უცნაური ის არის, რომ რუსებმა ოდნავ სახე უცვალეს პირველ ხმოვანს და მიიღეს казна და казначей (ხაზინადარი = ხაზინა+დარ= ხაზინის მქონე)... სავარაუდოდ, მათ «хозяйн» ერთი რომელიმე ენიდან წაიღეს (თუნდაც ქართულიდან), «казна» კი სხვა ენიდან (თურქულიდან, მონღოლურიდან და ა.შ.)
  • და ბოლოს – სპარსული «შემოდგომა» რაღა შუაშია?
  • შუაშიც არის და თავშიც – შემოდგომა ხომ სწორდ ის დროა წელიწადისა, როცა ყველაფერი გროვდება და ერთად იყრის თავს და რაც მერე (ჩინოვნიკურ-ჟურნალისტური ენით რომ თქვათ) შენახვის განხორციელებას ექვემდებარება... ჰოდა, ამიტომაც ჰქვია სპარსულად «ხაზან».
  • P.S. სომხურ და თურქულ ენებს აღარ გადავწვდი, თორემ ამ «ხ-ზ-ნ»-ს იქაური ქუდებითაც მრავალს მოვძებნიდი...

среда, 2 сентября 2020 г.

ისევ ომარმა მიშველა

...ტარიელი ნესტანდარეჯანის ხილვისას გონს რომ დაკარგავს, ნათქვამია:

„სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან,
მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;
მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან.
სამ დღემდის ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან“.

კი, გასაგებია, რომ ეს „მუსაფი“ იგევე ყურანია, მაგრამ ამ სიტყვა „მუსაფს“ ვერ მივაგენი ლექსიკონებში, რადგან ფონეტიკური ცვლილებები ჰქონია განცდილი... და ისევ ჩვენმა მეგობარმა ომარმა მიშველა... მის ერთ რობაიში წერია:
یک دست به مصحفیم و یک دست به جام
ეს ყოფილა სიტყვა - „მოსჰაF“ [ مصحف ], შესაბამისად - რობაის თარგმანშიც უნდა დავწეროთ „მუსაფი“ (რადგან ასე დააკანონა შოთამ) და არა „ყურანი“

ერთ ხელში რომ მუსაფი მაქვს, მეორეში – ჯამი,
თავს ვიწონებ ხან კრძალვით და ხან – ურჩობის ჟამით;
ვერც ისლამის მადლით მიცნობთ, ვერც უღვთობის შხამით...
ცას, ლაჟვარდით მიმოხატულს, ვუმზერ დღით და ღამით.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ახლა სხვა კითხვამ იჩინა თავი - რატომ უარყო რუსთველმა მუსლიმანთა საღვთო წიგნის უფრო გავრცელებული სახელი „ყურანი“ და რად გამოიყენა პოემაში ნაკლებად ცნობილი „მუსაფი“?!
რაღაც „ინტრიგა“ უნდა იყოს ამაშიც...

четверг, 2 июля 2020 г.

მთარგმნელობითი ბოტანიკა (?!)

...დიახ, მთარგმნელის საქმე ისეთია, რომ მან ბოტანიკაც უნდა შეისწავლოს [თუ დასჭირდა], პალეონტოლოგიაც და ასტრონომიაც და ბევრ სხვა სამეცნიერო სფეროშიც უნდა გაერკვეს ამა თუ იმ კონკრეტული ტექსტის თარგმნისას...
ავიღოთ ერთი რობაის სიტყვასიტყვითი თარგმანი (ეს რობაი აშკარად მიეწერება ხაიამს, მისი არ არის, თუმცა ეს სხვა თემაა და ამაზე მომავალში ვისაუბროთ, ანუ: უნდა ვთარგმნოთ თუ არა ე.წ. „მიწერილი“ ტექსტები).
„იცით, რატომ და რა მიზეზით გახდნენ ცნობილნი
და მითქმა-მოთქმის საგნები კვიპაროსი [სარო] და სოსანი?
იმ მიზეზით, რომ ერთ მათგანს აქვს ათი ენა და სულ მდუმარე,
მეორეს კი აქვს ორასი ხელი და ყოველთვის მოკლე“.
მე, როგორც საბჭოთა ეპოქიდან წამოსული კაცი, ყველა ნაწარმოებში მაინც „თემას“ და „იდეას“ ვეძებ და აქაც ეს დავინახე: კონკრეტული მცენარეების აღწერით ავტორი გვეუბნება, რომ გრძელი ენაც და ხელიც საძრახისია ადამიანისთვის, მაგრამ თუ სოსანის და კვიპაროსის [საროს] რაობაში არ გავერკვევით, ისე საქმე წინ ვერ წავა. აქვე გთხოვთ დაიმახსოვროთ, რომ „კიპარისი“ არასწორი (რუსულის გავლენით დანერგილი) ფორმაა, ხოლო ქართულ სამეცნიერო ლიტერატურში „კვიპაროზი/კვიპაროსი“ გვაქვს.
1) ჯერ სოსანის საკითხი გავარკვიოთ:
ეს სიტყვა სპარსულიდან კი არის შემოსული, მაგრამ სპარსელებს ამ ყვავილისთვის სხვა, ფრიად უცნაური სახელიც ჰქონიათ - „ენა კეფაზე“ [زبان در قفا]... მისი სამეცნიერო სახელი არის Consolida. ჩვენი ვიკიპედია კი ერთგვარი ტოლობის ნიშანს სვამს სოსანსა და ზამბახს შორის... (ზამბახიღა გვაკლდა!)
2) კვიპაროსის შესატყვისად სპარსულში წერია „სარო“ [سرو], ესე იგი ამ საკითხშიც „გარღვევა გვაქვს ბალანსში“, რადგან სარო ჩვენი ლერწმის სინონიმად ვაქციეთ და ამით ლამის განვდევნეთ ენიდან ეს მშვენიერი ქართული სიტყვა (ლერწამი), არადა, სპარსელებისთვის სარო ყოფილა კვიპაროსი და მისი ფოტო რომ მოვძებნეთ, რაღაც ჩვენებური ნაძვი თუ ფიჭვი დავინახეთ...
ერთი სიტყვით, სრული ლინგვისტურ-ბოტანიკური ქაოსია [ამიტომაც უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი საკუთარი სიტყვები და უცხოურს არ წავეპოტინოთ], თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს სხვა რამ - რომელს აქვს „ათი მდუმარე ენა“ და რომელს - „ორასი მოკლე ხელი“...
ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეების ფოტოები დავათვალიერე და დავინახე, რომ სოსან/ზამბახად წოდებულ ყვავილებს ნამდვილად აქვთ აქეთ-იქით გაშვერილი „ენები“, ხოლო კვიპაროს-ლერწამ-საროს უამრავი მოკლე „ხელი“ [წიწვი] აქვს... (იხილეთ ფოტოები).
ბოტანიკურად ასე თუ ისე გავერკვიეთ, ახლა დგება მოცემული ტექსტის გალექსვის საკითხი

воскресенье, 7 июня 2020 г.

„ქლინთონი და ქამეო“

...დიდი ხანია, ეს სახელები აღარ მომისმენია ისე ნათქვამი როგორც 90-იანებში სჩვეოდათ მავანთ: ქლინთონი... ვოშინგთონი... თეთჩერი... და ა.შ. მაშინ ასეთ „რბილ კომუნიკაციაში შესვლა“ იმ „წესის“ გამართლებად მიაჩნდათ, რომ ჩვენც ისე უნდა ვთქვათ, როგორც ისინი წარმოთქვამენო... ჰოდა, ამ „წესმა“ დღეს სულ თავბედი მაწყევლინა; არადა, ვერც დავანებე თავი, რადგან „თავსატეხს“ სანამ არ ამოვხსნი, ძილი და მოსვენება არ მეკარება....
ამბროზ ბირსის მოთხრობა „მხედარი ცაზე“ (დაიბეჭდა 1994 წელს „საუნჯეში“) ერთი კრებულისთვის, როგორც ახლა ამბობენ, „გავაციფრულე“ და იქ ასეთი ფრაზა შემხვდა:
სილუეტზე ცხენის პროფილი ქამეოსავით იკვეთებოდა...“
გადავამოწმე, ფოტოშოპში გავზარდე ტექსტი... გავფილტრე... გავამკვეთრე... მაგრამ „ქამეო“ არ შეცვლილა, აშკარად ეს სიტყვა ეწერა... რა უნდა იყოს-მეთქი „ქამეო“ და სახლში თუ კომპიუტერში რაც ლექსიკონები მაქვს, ყველგან ვნახე, მაგრამ ეს სიტყვა არსად ჩანს... ინტერნეტში ამ სახელის მქონე ნამცხვრების მაღაზიას მივაგენი, მაგრამ სად ნამცხვარი და სად ცხენის პროფილი?!...
მოვძებნე ამ მოთხრობის რუსული თარგმანი (Всадник в небе), ვიპოვე შესაბამისი აბზაცი და საძიებო ფრაზა... „Лошадь стояла в профиль, и ее силуэт отчетливо выделялся на фоне неба“... მაგრამ სადაა და რა არის „ქამეო“?! - ეს რუსებმაც არ იციან...
სხვა რა გზა იყო, ინგლისური დედანი უნდა მომეძებნა, რაც არც ისე ადვილი საქმეა იმის გათვალისწინებით, რომ ამ ენაზე რამის მოსაპოვებლად ყველაფერში ფულის გადახდაა საჭირო... ბოლოს მაინც მივაგენი („A Horseman in the Sky“):
In silhouette against the sky, the profile of the horse was cut with the sharpness of a cameo...
უჰ, „კამეა“ ყოფილა...
(ცხენის პროფილი ცის ფონზე რაღაც კამეასავით იკვეთებოდაო).
ჰოდა, უნებლიეთ ეს გავიფიქრე - კიდევ კარგი, ახლა 90-იანი წლების „მოდა“ დაივიწყეს, თორემ რა გაუძლებდა მავანთა ასეთ „ნიუსებს“:
ქორონას შემდეგ დონალდ თრამფი ფაფუ!

пятница, 29 мая 2020 г.

ლურჯად რატომ ლაპარაკობ-ო ?!

ხშირად ორ და მეტ ენაში ხმოვანებით ერთგვარ სიტყვებს სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ...
ერთი ჩვენი შორეული ნათესავი იყო, შუღარა ერქვა (რატომ დაარქვეს ასეთი სახელი და რას ნიშნავს თიანელებისთვის, არ ვიცი); ჰოდა ეს ბატონი შუღარა ამბობდა (ვახუშტის ფოლკლორულ საღამოებშიც მიუღია მონაწილეობა):
„ავლაბარში რომ დავდივარ, ასე მგონია, ყველა მე მეძახისო... (?!) საქმე იმაშია, რომ სომხურად „შუტ არა“ ნიშნავს - „აჩქარდი, იჩქარე“, შუღარას კი თავისი სახელი ესმოდა...
ისევ ქართულ-სომხური ლინგვისტური პარადოქსები ვნახოთ: „გიშერ“ სომხურად არის ღამე... ამ სიტყვას ქართულ „გიშერ“-თან სიშავის ლოგიკა კი აკავშირებს, მაგრამ სად ქვა და სად ღამე?!
სომხები ერთმანეთს ხშირად ეუბნებიან - „ლურჯ ეს ასუმ“ (მართალს ამბობ, მეღადავები?!)... არა, ლურჯი ფერი აქ არაფერ შუაშია... „ლურჯ“ სომხურად ნიშნავს „სერიოზულს“...
ბევრს აღარ გავაგრძელებ, დღეს ერთი ირანელი მელაპარაკა ტელეფონი და მითხრა - „ბარან მიად ვა ჩექარ ქონიმ“-ო წვიმა მოდის და რა ვქნათო... (უნდა შევხვედროდი მას)... ჰოდა, ამ დროს ტელევიზორით რაღაც რუსული ფილმი გადიოდა და „ბარან“-ო თქვა კაცმა...
ბარან - სპარსელებისთვის წვიმაა, ბარან - რუსებისთვის ცხვარია... არის რამე ლოგიკა?!
ბევრი ასეთი უცნაურობის გახსენება შეიძლება... იქნება წიგნადაც გამოვცე?!
ხომ ვერ მეტყვით - რატომ ჰგავს ერთმანეთს ეს სიტყვები: „ფორთოხალი“ - „პორტუგალია“?

воскресенье, 24 мая 2020 г.

„ფანჯარა“ - პედაგოგიური ჟარგონი თუ პოეზია?

იტალიურ ტექსტში სიტყვა Finestra შემხვდა და ლექსიკონში ჩახედვა არ დამჭირვებია, გუმანმა (...და კონტექსტმაც, რასაკვრიველია!) მიკარნახა, რომ ეს უნდა იყოს „ფანჯარა“... მართალია, იტალიურში ეს ლათინური Fenestram-იდან მოდის (ფრანგ. - Fenêtre გერმ. - Fenster და ა.შ.), მაგრამ სპარსულ „ფანჯარასთანაც“ შეიძლება ჰქონდეს კავშირი... მივყვეთ ახლა დინებას: „ფანჯარა“ ნიშნავს ხუთკუთხა ამოჭრილ ნაწილს კედელში (ფანჯ - ხუთი)... სომხებსაც ასეთივე აზრით დაურქმევიათ - պատուհան („პატუჰან“ - კედელში ამოღებული), რუსების окно ალბათ око-სთან (თვალთან) არის კავშირში, ანუ ადგილი, სადაც გახედვა შეიძლება და ამას ამტკიცებს ხორვატების prozor (გასახედი ადგილი). „ვეფხისტყაოსანი“ სიტყვა „ფანჯარას“ არ იცნობს, ყველგან გამოყენებულია „სარკმელი“. სა-რკმ-ელ... ეს იგი ეს სიტყვა დაშენებულია „რკმ“ ძირზე და ამ ძირით შექმნილი კიდევ ერთი სიტყვა გვაქვს ქართულში - თირკმელი... რა აზრობრივი კავშირი უნდა იყოს სარკმელსა და თირკმელს შორის?! ვიფიქროთ: ქართველთა საცხოვრებლებს ჰქონდა „საკვამური“ და „სარკმელი“... ესე იგი ორივე რაღაცის შინიდან გარეთ გატანას ემსახურებოდა... კაცმა რომ თქვას, თირკმელსაც იგივე დანიშნულება გააჩნია... ჰოდა, ისევ „ვეფხისტყაოსანს“ მივმართოთ და, მგონი, ის გაგვარკვევს ყველაფერში: „ხამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს...“ ანუ: მელექსემ თავისი ნაცოდვილარი ცუდად არ უნდა გამოამჟღავნოსო... გარეთ უხეიროდ არ უნდა გამოიტანოსო... ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მასწავლებლებმა ორ გაკვეთილს შორის ღიად დარჩენილ დროს „ფანჯარა“ რომ უწოდეს, ეს უფრო პოეტური წიაღსვლა მგონია, ვიდრე პედაგოგიური...

четверг, 23 января 2020 г.

მთაწმინდობა

  • მთაწმინდობა, ანუ წმიდა დავითობა ძველ თბილისში იდღესასწაულებოდა აღდგომის მეშვიდე კვირის ხუთშაბათ დღეს.
  • მთაწმინდა ძველ თბილისს დასავლეთიდან ემიჯნებოდა და იგი ქალაქის თითქმის ყოველი მხრიდან ჩანდა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა მას. 
  • სახელწოდება ამ ადგილმა იერუსალიმში არსებული წმიდა მთის სახელის გავლენით მიიღო. 
  • VII საუკუნეში საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების საქადაგებლად გამოემგზავრა ცამეტი ასურელი მამა-ბერი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე თითოეულმა მათგანმა სამოღვაწეოდ ქვეყნის სხვადასხვა კუთხე აირჩია. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც თბილისის გარეუბანში, მთაზე დასახლდა, ბერი დავითი იყო. 

  • 1540 წელს წმიდა დავითის სამყოფელის, სენაკისა თუ ეკლესიის ადგილზე ბერად შემდგარი დავით და ნიკოლოზ გაბაშვილები აგებენ ეკლესიას, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. დღევანდელი ეკლესია XIX საუკუნისაა.
  • როგორც თითქმის ყველა საეკლესიო დღესასწაულზე, მამადავითობაზეც მლოცველი ქალები ჭარბობდნენ მამაკაცებს. დილაადრიან იწყებოდა მთაწმიდისაკენ მლოცველთა სვლა. შორიდან მაყურებელს მთის ფერდობზე შეფენილი მლოცველნი რაღაც მოძრავი ჯაჭვი ეგონებოდა. 
  • დიდი ეკლესიის (XIX ს.) სამხრეთით მდგარი პატარა ეკლესია XX საუკუნის დასაწყისში აიგო. ქალაქის ერთ-ერთი ძველი მკვიდირების პლატონ ბერიძისა და ანეტა დართალაშვილის გადმოცემით, ეკლესიის საშენი მასალა — აგური, თურმე მთის ძირას ეწყო და ყოველ მლოცველს, ეკლესიაში ასვლისას, თან უნდა აეტანა რამდენიმე აგური. აი, ასე აშენებულა წმიდა დავითის პატარა ეკლესია. 
  • მთაწმინდაზე ასულ მლოცველებს, სანამ ეკლესიაში შევიდოდნენ, ჯერ ეკლესიისათვის უნდა შემოევლოთ სამჯერ და თან ძაფი შემოეხვიათ მისთვის. ეს იყო ეკლესიისადმი თაყვანისცემის ერთ-ერთი გამოხატულება. 
  • აქ მოსულ მლოცველებს კიდევ ერთი ჩვევა ჰქონიათ. იმის გასაგებად, შეუსრულდებოდა თუ არა ჩანაფიქრი, ოცნება, სურვილი, შეისმინა თუ არა ღმერთმა მათი თხოვნა, ეკლესიის დასავლეთ კედელში გარედან ჩადგმულ რკინის კარს კენჭს ჩამოუსვამდნენ, უფრო ზუსტად, მიადებდნენ. თუ სურვილს შესრულება ელოდა, კენჭი უნდა გაჩერებულიყო, კარს მიკროდა. ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მლოცველები კლდიდან ჩამოშლილი თუ დაძრული ქვის ხმაურს. ყოველივე ეს კარგის მაუწყებლად ითვლებოდა
  • მთაწმინდის ეკლესიაში არსებობდა ბავშვის შეწირვის წესი. მშობელი, რომელსაც ხშირად უკვდებოდა შვილები, რამდენიმე ხნით წმიდა დავითის ეკლესიას შესწირავდა შვილს. „შეწირული ბავშვი“ რამდენიმე ხნით, დათქმული დროის განმავლობაში, თმაგაუკრეჭავი დადიოდა. ტანზე თეთრი ტანსაცმელი უნდა სცმოდა გაუხდელად. ბოლოს, როცა დრო მოვიდოდა, ფეხშიშველა ბავშვს მთაწმიდის ეკლესიაში მიიყვანდნენ. იქ მღვდელი თმას შესჭრიდა, ფერად ტანსაცმელს ჩააცვამდა და ლოცვა-კურთხევით დაამთავრებდა ამ რიტუალს. შემდეგ იკვლებოდა საკლავი ცხვარი ან ხარი.
  • მამადავითობას, მთაწმინდობის დღეს, ლოცვა-წირვის შემდეგ იწყებოდა დიდი სეირნობა, ისმოდა დუდუკის და დაირის ხმა, სადღაც მღეროდა ბრმა საზანდარი. იქვე წრე შეეკრათ და ორი ფალავანი ჭიდაობდა. 
  • დღესასწაული დაღამებამდე გრძელდებოდა. 
  • ივნისის თვე არ იყო მდიდარი არც საეკლესიო და არც სახალხო დღესასწაულებით. ამ თვეში მხოლოდ კათოლიკები აღნიშნავდნენ წმინდა სულის მოფენის დღეს. იგი შემდეგნაირად აღინიშნებოდა: კათოლიკურ ეკლესიაში ლიტურგიის — წირვის შემდეგ მლოცველთა პროცესია მიემართებოდა სოლოლაკის უბანში მდებარე კათოლიკური სასაფლაოსაკენ (გუდოვიჩის ქუჩის გავლით, დღევანდელი ჭონქაძის ქუჩა). მრევლის მსვლელობას მოთავეობდა ეკლესიის მოძღვარი, რომელსაც მიჰქონდა გავალაკს — საჩრდილობელს (ბალდახინს) მოფარებული ქრისტეს წმინდა ნაწილები მგალობელთა და მუსიკის თანხლებით. ამ სადღესასწაულო პროცესიაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისში მოსახლე ყველა ეროვნების კათოლიკები: ქართველები, პოლონელები, სომხები, გერმანელები, რუსები... 
  • პროცესიას წინ მიუძღოდნენ ორრიგად ჩამწკრივებული, თეთრტანსაცმლიანი გოგონები და ყმაწვილები, რომლებსაც ხელში ყვავილებით სავსე კალათები ეჭირათ. ბავშვები გზადაგზა კალათიდან იღებდნენ ყვავილებს და ქუჩაში აბნევდნენ. 
  • სასაფლაოზე იდგმებოდა ოთხი ტრაპეზი - ტახტი ოთხი სახარების (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე) წასაკითხად. თითოეული სახარება იკითხებოდა სხვადასხვა ენაზე — ქართულად, ლათინურად, პოლონურად, სომხურად. ოთხ ენაზე სახარების კითხვა სიმბოლური მნიშვნელობისა იყო და ასახავდა სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში მოსიარულე მქადაგებელ იესო ქრისტეს. წმიდა სულის მოფენის დღესვე მოხდა სასწაული — იესოს მოწაფეებმა — მოციქულებმა მოულოდნელად ერთმანეთისათვის გაუგებარ სხვადასხვა ენაზე დაიწყეს ლაპარაკი. 
  • გზადაგზა ყვავილების მობნევაც სიმბოლურად სულისა და მადლის მოფენას გამოხატავდა.
  • თეიმურაზ ბერიძე, „ძველი თბილისის სურათები“


четверг, 2 января 2020 г.

რას ნიშნავს „ავთანდილი“


(ორი ციტატიდან გამოტანილი დასკვნა)

ციტატა პროფესორ გურამ ჩიქოვანის სტატიიდან - „ავთანდილის ეტიმოლოგიისათვის“
ჩემი აზრით, ავთანდილი ნამდვილად შედგება ორი წევრისაგან (avtan - dil). პირველი (avtan) უნდა მომდინარეობდეს არაბული სიტყვიდან afdal (افضل) - „საუკეთესო“, „უკეთესი“, „უპირატესი“, „უშესანიშნავესი“, „სწორუპოვარი“, „უბადლო“, „უებრო“. მეორე წევრი, ვფიქრობ, არის სპარსულ/არაბული din (دین) - „რელიგია“, „სარწმუნოება“. შედგენილი სახელი მნიშვნელობაა „უშესანიშნავესი, უბადლო, უებრო რელიგიისა, რელიგიათა შორის“. იგი მიღებულია შემდეგნაირად:
afdalu-d-din / afdal ad-din > afdal-din > avtandil (ავთანდილ)

პროფესორი დავით კობიძე თავის წერილში სპარსულენოვანი აზერბაიჯანელი პოეტის ხაყანი შარვანელის შესახებ წერს: (ციტატა) „ხაყანი XII საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი მშობლიური კუთხის შარვანის გვერდით ყვაოდა საქართველო, თამარ მეფის კარს შესანიშნავი პოეტების პლეადა ამშვენებდა; მათ შორის ყველაზე მეტად „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის რუსთველის სახელი ბრწყინავდა. ყოვლად შეუძლებელია ხაყანის იმდროინდელი დიდი ქართული ლიტერატურული შემოქმედების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ჩვენს დრომდე შემონახულა ცნობები იმის შესახებ, რომ რუსთველის სახელი მის სიცოცხლეშივე გამხდარა სამშობლოს საზღვრებს. ზოგიერთი უცხოელი მოღვაწე თურმე საქართველოში ჩამოდიოდა პოეტის სანახავად და მის გასაცნობად. ასე, მაგალითად, ერაყიდან ჩამოსულა ერაყულ-ქურთული პოეზიის დიდი წარმომადგენელი, XII საუკუნის პოეტი აჰმედ მალა ჯაზირი, გაუცნია რუსთველი და ხაყანისთანაც ხანგრძლივი მეგობრობა ჰქონია.

თუ შევაჯერებთ ამ ორ ციტატას ერთმანეთთან, მივიღებთ იმას, რომ რუსთველი იცნობდა და მეგობრობდა პოეტ ხაყანისთან (1120-1199 წწ), რომელსაც სახელად ერქვა აფდალ ედ-დინ  (afdal ad-din) და არ არის გამორიცხული, რომ მან ამ სახელიდან შეთხზა ქართული „ავთანდილი“, რადგან „ვეფხისტყაოსნის“ დაწერამდე სახელი ავთანდილი არ არსებობდა ქართულ სინამდვილეში.

*  *  *
ახლა ორიოდე სიტყვა თავად აფზალ ედ-დინ  ხაყანის შესახებ: მან ნამდვილად იცოდა ქართული ენა და ამას მოწმობს ერთი რობაი, სადაც ფიგურირებს ქართული სიტყვა „მოი“ (მოდი), პოეტი ასე ამბობს: ერთი ლამაზმანის ტრფობამ საქართველოში დამასახლა და მას იმდენჯერ ვუთხარი „მოი, მოი“, რომ ენა თმასავით გამიწვრილდა, თმები კი ენასავით ამეტყველდნენო; აქ არის სიტყვათა თამაში: „მოი/მუი“ სპარსულად „თმას“ ნიშნავს.
ეს რობაი ასე ვთარგმნე ქართულად, რაღაც აზრი და განწყობა შენარჩუნებულია:

რადგან არ მიყვარს არავინ თმადალალ ლამაზმანსავით,
მე საქართველოს მკვიდრი და ქართველი გავხდი მასავით;
„მოი“ - იმდენჯერ აღმომხდა მავედრებელი ხმასავით,
თმამ ენა ამოიდგა და ენა გაწვრილდა თმასავით.

пятница, 6 декабря 2019 г.

„ტფილისი“ თუ „თბილისი“?

  • დიდი ხანია, საეჭვოდ მიმაჩნია ის, რომ ჩვენი დედაქალაქის სახელი უკავშირდება სიტყვა „თბილ“-ს და კიდევ ის, რომ ადრე ამ სიტყვას წარმოთქვამდნენ ასე - „ტფილი“ და შესაბამისად ქალაქსაც 1936 წლამდე ერქვა ტფილისი და მერე რატომღაც, უეცრად გახდა „თბილისი“, რასაც, სხვათა შორის, არც აკაკი შანიძე იზიარებდა და არც კონსტანტინე გამსახურდია (ბატონი კონსტანტინე ღვინოსაც აყენებდა თურმე და მას სულ ასე მოიხსენიებდა - „ტფილისური“).
  • ჟურნალ „დროშის“ 1960 წლის პირველ ნომერშია გამოქვეყნებული ივანე შაიშმელაშვილის წერილი და მასაც ეს კითხვა აწუხებს - რატომ „თბილი“, როცა ჩვენს ქალაქში ცხელი წყაროებია და თუ ქალაქს სახელი ამ წყაროების მიხედვით დაერქვა, მას უნდა ერქვას „ცხელისი“?

  • ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდამ. არს მით აბანონი ექვსნი და დიდშენნი, ავაზიანი. მარადის მომდინარე ცხელი წყალი“-ო. (ცხელიო და არა თბილი)
  • თბილისის მინერალურ წყლებს უწოდებენ ცხელს და არა თბილს შარდენი (1673 წ.), ტურნეფორი (1701 წ.), გაგარა (XVII-ს 30-იანი წლები), იაზიკოვი (1770 წ.), პუშკინი (1829).
  • ცნობილი ლეგენდის მონაცემებიდან გამომდინარე კი, შეგვიძლია ეს კითხვაც დავსვათ: განა შეიძლება ფრინველის ჩაფუფქვა თბილ წყალში?!
  • ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახლა არ ვიცი და, გასული საუკუნის 60-70-იან წლებში, როცა ჩემს უფროს ძმებს ყოველკვირა დავყავდი თბილისის გოგირდის აბანოებში, ერთმა ნაცნობმა მეაბანოემ („ბანშჩიკს“ ვეძახდით) საიდუმლოდ გვითხრა, რომ ნამდვილ გოგირდის წყალს მხოლოდ პარასკევობით უშვებდნენ... ჰოდა, ძალიან კარგად მახსოვს, რომ ეს „პარასკევის წყალი“ იყო ცხელი და არა თბილი...

  • ერთი სიტყვით, ახალი ვერსია გავიგე, რაც საინტერესოდ მომეჩვენა...
  • ხსენებულ სტატიაში ბევრი არგუმენტია მოყვანილი იმისა, რომ თბილისი „ხის ქალაქი“ იყო იმიტომ, რომ მის გარშემო ბევრი ტყე იყო და საშენ მასალად სწორედ ხე-ტყეს იყენებდნენ; სულხან-საბას „სიტყვის კონაში“ ივანე შაიშმელაშვილმა მოძებნა სიტყვა „ტაფული“, რაც ხის მასალით ნაშენს, „მოტაფულებულს“ ნიშნავს და შესაბამისად აქედან მივიღეთ სახელი „ტაფულისი“, საიდანაც, დროთა განმავლობაში, ფონეტიკური ცვლილებების შედეგად მივიღეთ „ტფილისი“...

  • მე არცერთ ძველ ქართულ ტექსტში სიტყვა „თბილ“-ის ნაცვლად (პარალელურად თუ სინონიმად) „ტფილი“ არ შემხვედრია, უფრო მეტიც - გადავამოწმე და ამ სიტყვებს საერთოდ არ იცნობენ ისეთი ლიტერატურული ძეგლები, როგორიცაა: „ვეფხისტყაოსანი“, „თამარიანი“, „ამირანდარეჯანიანი“, „ვისრამიანი“, „აბდულმესიანი“, „სიბრძნე სიცრუისა“...
  • სიტყვა „თბილი“ გვხვდება სამჯერ „დავითიანში“, ხოლო „ტფილს“ ეს ტექსტიც არ იცნობს...
  • ასე რომ, „ტფილ“-იდან ვერანაირად ვერ მივიღებდით „თბილ“-ს, რადგან „ტფილ“-ს არანაირი კავშირი არ ჰქონია ტემპერატურულ ფენომენთან.



вторник, 6 августа 2019 г.

6 აგვისტო


განათლება ინფორმაციის დაგროვებაა და არა გონიერების შეძენა

რაც უფრო განათლებულია უგნური ადამიანი, მით უფრო სახიფათოა იგი გარემომცველი საზოგადოების თუ მთელი ქვეყნისთვის

пятница, 31 мая 2019 г.

თარჯიმნის მოგონებები (2)

  • 1978 წელს, ჯერ კიდევ მეოთხე კურსის სტუდენტი რომ ვიყავი, ხარკოვში გამგზავნეს სათარჯიმნოდ - ირანელი რკინიგზელები იყვნენ ჩამოსული ერთ-ერთ სასწავლებელში, მათი მიზანი ირანის რკინიგზის ელექტროფიცირება იყო (მანამდე სულ ორთქლმავლები დათუხთუხებდნენ თურმე ირანში) და მათთან უნდა მემუშავა... თითქმის ოთხი თვე დავყავი იქ (მთელი მეორე სემესტრი)... იცით, მეგობრებო, ეს ოთხი თვე რა ოთხი თვეა! პირველი, რომ მთელი წელიწადია მისთვის, ვინც უნივერსიტეტში სწავლის ბედნიერებას მოშორებია და ა.შ.
  • როგორც მოგახსენეთ, ეს იყო 1978 წლის იანვარ-მაისის პერიოდი... ირანში კვლავაც მყარად იჯდა შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი... ჰოდა, სანამ ჩემს კურიოზს გიამბობთ, ირანის შაჰთან და მის მეუღლესთან დაკავშირებული ამბავი უნდა მოგახსენოთ:
  • ბატონმა ჯემშიდ გიუნაშვილმა გვიამბო: 60-იან წლებში ირანის შაჰი მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოსულა და იგი ლაგოდეხის ნაკრძალში სანადიროდ წაუყვანიათ... ბატონი ჯემშიდი ყოფილა ამ ღონისძიების მთავარი თარჯიმანი და ერთ მშვენიერ ადგილზე, ირანის დედოფალს ფოტოს გადაღება რომ მოსურვებია, ჩვენს ფოტოგრაფს უთქვამს: მოემზადეთო სურათის გადასაღებად და ბატონ ჯემშიდსაც უთარგმნია - „ფოზ ბეგირიდ“ (პოზა დაიჭირეთ), რასაც დედოფლის მრისხანე მზერა და აღშფოთება მოჰყოლია... ბატონი ჯემშიდი მაშინვე მიმხვდარა, რაშიც არის საქმე და უმალ შეუცვლია ფრაზა - „ფოზ ბედეჰიდ“ (პოზა გვაჩვენეთ, გვიბოძეთ) და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრებულა. საქმე იმაშია, რომ „ფოზ ბეგირიდ“ (პოზა დაიჭირეთ) სპარსული ენისათვის იგივეა, ადამიანს რომ უთხრა - გაიპრანჭე, კეკლუცობა დაიწყე და ა.შ. ცხადია, დედოფალი ამას უკადრისობად მიიღებდა, ხოლო „ფოზ ბედეჰიდ“ (პოზა გვიბოძეთ), სწორედ ის არის, რასაც ფოტოგრაფები ეუბნებოდნენ გადასაღებ ობიექტებს (სანამ ჩიტი გამოფრინდებოდა).
  • მე კი უარესი რამ დამემართა:
  • გაკვეთილი მიმდინარეობს ხარკოვში ელექტროდანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის შესახებ და მე ვარ თარჯიმანი... ლექტორი ამბობს: „თუ ადამიანს დიდმა ძაბვამ დაარტყა, იგი უნდა დავაწვინოთ და მივცეთ დამშვიდების და დასვენების საშუალება“. მე ვთარგმნე ეს ფრაზა და უცებ მთელმა აუდიტორიამ დაიწყო ხარხარი... 
  • აღმოჩნდა, რომ, მეც, ბატონი ჯემშიდისა არ იყოს, არასწორად შევარჩიე დამხმარე ზმნა და იმის ნაცვლად, რომ მეთქვა - ძაბვადარტყმულმა უნდა დაისვენოს, მოსვენებულ მდგომარეობაში იყოს (რაჰათ ბაშად), მე ვთარგმნე ასე (სიტყვასიტყვით): ძაბვადარტყმული უნდა იყოს განსვენებული“ (რაჰათ შავად)
  • ჰოდა, უცხო ენებს რომ სწავლობთ, გაითვალისწინეთ, რომ ხან შაჰებთან მოგიწევთ ურთიერთობა და ხან რკინიგზის მუშებთან... ყველა ენას კი თავისი ნიუანსები აქვს, რომლის არასწორ გამოყენებას ხშირად კურიოზულ (და ტრაგიკულ!) შედეგებამდეც კი მივყავართ.

воскресенье, 26 мая 2019 г.

თარჯიმნის მოგონებები (1)


ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდი, განსაკუთრებით ეს 80-90-იან წლებს ეხება, სათარჯიმნო საქმიანობით იყო შევსებული... ჰოდა ერთხელ, ტაშკენტში ყოფნისას, ერთ-ერთ უზბეკურ სკოლაში, მოვხვდი, იმ სკოლაში სპარსულ ენას ასწავლიდნენ და მე და ჩემი კოლეგები, როგორც სპარსულის მცოდნეები, შეგვიყვანეს გაკვეთილზე... მასწავლებელმა უზბეკურად დასვა კითხვა და დაფაზე დაწერა - Tinch okeani... მივხვდი, რომ ამ ფრაზის თარგმნას სთხოვდა ბავშვებს სპარსულ ენაზე, მაგრამ ვერავინ თარგმნა... მე ავიწიე ხელი და ვთხოვე მასწავლებელს - მე ვთარგმნი-მეთქი და დამთანხმდა: - ფაჟალუსთა! ჯერ რუსულად ვუთხარი - Тихий океан და მერე სპარსულად - ოყიანუსე არამ (اقیانوس آرام) ჩემი კოლეგები გაოცდნენ - თი უზბეკსკი თოჟე ზნაიშ, და?! - ქანეშნა-მეთქი! არადა, რა ცოდნა ამას უნდოდა - Tinch okeani ანუ „დინჯი ოკეანე“ რა უნდა იყოს? - დიახ, წყნარი ოკეანე.

ავლაბრელი ბავშვების ჩართულობა საბჭოურ ზეიმებში

ახლა ჩემი შვილიშვილი მიჰყავთ გასასეირნებლად და მეც გამახსენდა, 5-6 წლის რომ ვიყავი და ე.წ. „პარადზე“ რომ მივყავდით ხოლმე ეზოს ბავშვები ვინმე უფროსს, ვისაც არ ეზარებოდა (...მგონი, მორიგეობაც ჰქონდათ დაწესებული საშვიდნოემბროდ და სამაისოდ).
ჰოდა, დავეშვებოდით ავლაბრიდან ე.წ. „ციციანოვზე“, მერე გადავჭრიდით მუხრანის (ბარათაშვილის) ხიდს და კოლმეურნეობის მოედნის იქით აღარ გვიშვებდნენ, თითქოს ტერორისტები ვიყავით ეს საწყალი ავლაბრელი ბავშვები და ამხანაგ ვასილ მჟავანაძეს და მის „ცკ-ტკ- სასტავს“ რამე ბომბს ვესროდით... ერთი სიტყვით იქვე, ხიდის მიდამოებში ე.წ. „ციგანკებისგან“ ბუშტებს, დროშებს და რეზინზე ჩამოკიდებულ ქაღალდის ბურთებს გვიყიდიდნენ და გამოვბრუნდებოდით ისევ ავლაბრისკენ... გზადაგზა ვინმეს შეიძლება დაეყვირა: „გაუმარჯოს ერთი მაისი, ავოეეეე“ (ეს საფირმო ავლაბრული შეძახილი იყო).
ასე მონოლოგებს, როგორც წესი, ასე ამთავრებენ ხოლმე - ეჰ, მაინც კარგი იყო ის დრო!...
...და რით იყო კარგი?!
ის ანეკდოტი გამახსენდა: ორი ასაკოვანი კაცი რომ იხსენებს წარსულს:
- გახსოვს, ლიფტში რომ გავიჭედეთ?
- მახსოვს, რავა არ მახსოვს!
- ეჰ, ის დრო ჯობდა!

რითი ჯობდა?! - ამ კითხვას, შეგიძლიათ, თქვენ უპასუხოთ კომენტარებში.

P.S. ზემოთმოტანილი ანეკდოტური დიალოგი ნამდვიად არ გამართულა ავლაბარში, რადგან ჩვენ მაშინ ლიფტიანი სახლები არ გვქონდა.

понедельник, 31 декабря 2018 г.

გაუმარჯოს მეგობრობას!

რას ნიშნავს „აიდოსტი“?
ასეთი თამაში არსებობდა (ახლაც არსებობს ჩვენს თაობაში, თუ ვინმეს გაახსენდება), რომელიც ქათმის მკერდის ორტოტა ძვალთან არის დაკავშირებული; ამას ქართულად „საწინწკარა“ ჰქვია, ხოლო არაქართულად - „ავქაში“ და ამ სიტყვასაც იყენებენ ახლა მავანნი („ჰავ“ - სომხურად ქათამია, „ქაშ“ - სპარსული ზმნური ძირია და გაწევას, გათრევას, გაგლეჯვას ნიშნავს).


თამაშის არსი ასეთია: ვინც ქათმის ძვალს გამოწიწკნის, გაუწვდის ხოლმე მეგობარს თუ თანამეინახეს (ეს, როგორც წესი, სუფრაზე ხდება) და ეს იმის მომასწავებელია, რომ პირველი მეორეს რაღაცაზე დანაძლევებას სთავაზობს და თუ მეორემ მიიღო ეს შეთავაზება, დათქვამენ იმას, თუ რა უნდა აუსრულოს დამარცხებულმა გამარჯვებულს და ისინი ერთად გადატეხენ ძვალს პირობაზე შეთანხმების ნიშნად... ამის შემდეგ ამ ორ ადამიანს შორის ასეთი ვითარება იქმნება: თუ რომელიმე ერთმა მეორეს რაიმე ნივთი გაუწოდა და მიმღებმა არ თქვა „მახსოვს“ (ახსოვს, რომ ნაძლევი დადეს), ესე იგი ის დამარცხებულია. გამარჯვებულმა ამ დროს უნდა თქვას - „აიდოსტ“ - და ამით დამთავრებულია თამაში, რომელიც შეიძლება დღეების და კვირების განმავლობაში გაგრძელდეს.

რაც შეეხება ამ გამოთქმას „აიდოსტ“. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი გვეუბნება: „დოსტ-ი“ [სპარსულად dosT] ძვ. და საუბ. ამხანაგი, მეგობარი. (ოღონდ იქ შეცდომით gosT წერია). „აი“ არის შორისდებული „ჰაი“ და ეს „აიდოსტ“ სხვა არაფერია, თუ არა - „ჰეი, მეგობარო“. არ ვიცი, ჩვენმა წინაპრებმა რატომ არჩიეს სიტყვა „მეგობარს“ უცხოური „დოსტ“ (ეს მათ ვკითხოთ, 100 წლის შემდეგ რომ შევხვდებით „იქ“), მაგრამ, მიუხედავად მარცხისა, მეგობრული სულისკვეთების შენარჩუნება რომ აუცილებელია, ეს ამ ფრაზიდანაც ჩანს - „(ჰ)აი დოსტ“
P.S. თუ მავანი პოლიტიკოსებიც შეისმენენ ამას, ცუდი არ იქნება.
„საწინწკარა“, ცხადია, „წიწკნა“-დან არის წარმოშობილი და, ალბათ, მისი საწყისი ფორმა იყო „სა-წიწკნ-არა“.

пятница, 14 декабря 2018 г.

ნამდვილად მინახავს!!!

ალბათ, 1977 ან 78 წელი იქნებოდა, ზამთარი იყო, რადგან ის, ვის შესახებაც ამ სტატუსს ვწერ გრძელი, ყავისფერი პალტოთი შემორჩა ჩემს მეხსიერებას, როგორც ერთი კადრი...
„რუსთაველის“ მეტროდან რომ ამოვედი და ვიწრო ტროტუარი რომ ავიარე ფილარმონიისკენ (მაშინ ეს სახლებქვეშ გაყვანილი გვირაბი ჯერ არ იყო გაკეთებული), სადღაც არმისული ბელინსკის ქუჩის კუთხემდე, ჩემკენ მომავალი ლამაზი ქალი დავინახე... ასეთი ქალის შეუმჩნევლობა სრულიად გამორიცხული იყო, მაგრამ უფრო საინტერესო ის გახლდათ, რომ ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა ხსენებულ ქალბატონს... მან ჩაიარა მეტროსკენ, მე წავედი უნივერსიტეტისკენ, აქ დასრულდა ჩვენი „ნაცნობობა“ და, როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი ერთი კადრის სახით დარჩა ჩემს ხსოვნაში... იმავე საღამოს (ან მეორე დღეს) გაზეთიდან შევიტყე, რომ თბილისში რაღაც კინო თუ ტელეფესტივალი ტარდებოდა და ბარბარა ბრილსკა იყო ჩამოსული... ცხადია, ბელინსკის ქუჩის კუთხესთან ნანახი ის „ნაცნობი სახე“ (მაშინ ჯერ „ცნობადი“ არ ვიცოდით, რას ნიშნავდა) ბარბარა ბრილსკად მივიჩნიე და ამაყი ვიყავი ამ ფაქტის გამო, თითქოს მის (კინო)საძინებელში 31 დეკემბერს, მიაგკოვი კი არა, მე აღმოვჩნდი...
მაგრამ მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა, რომ ახლა უკვე ეჭვიც კი მეპარებოდა იმაში, მართლა ვნახე ეს პოლონელი ქალი თბილისში, თუ მისი ნახვის ამბავი ჩემმა ფანტაზიამ შეთხზა (ასეთები შეუთხზავს?!)...ჰოდა, დღეს შვებით ამოვისუნთქე, როცა ეს ფოტო ვნახე „ფეისბუქში“... ესე იგი, მართლა ყოფილა პანი ბარბარა თბილისში ჩამოსული და ნამდვილად შემხვდა იგი იმ ზღაპრულ თბილისში, რომელიც 70-იანი წლების მიწურულითაა შემორჩენილი ჩემს მეხსიერებაში და არა მარტო ჩემსაში...
ვისაც არ გჯერათ, რომ თბილისი მაშინ ზღაპრული იყო, გამოიგონეთ დროის მანქანა, გადაბრძანდით 1978 წლის დეკემბერში, მე ბელინსკის ქუჩის კუთხეში დაგელოდებით და თქვენც დარწმუნდებით, რომ ტყუილს არ ვლაპარაკობ...
(ფოტოზე მარცხნივ ჩანს ლია მიქაძე, ქართული ტელევიზიის ლეგენდა... ბარბარა ბრილსკაზე ლამაზი თუ არა, მასზე არანაკლებ მშვენიერი ქალბატონი).


воскресенье, 30 сентября 2018 г.

ამბავი ქალისა და კაბისა

ანუ საკითხი იმისა, თუ როგორი „დისტანცია“ უნდა იყოს დაცული დედანსა და თარგმანს შორის (თუმცა უნდა მოგახსენოთ, რომ ეს პრობლემა „სიშორე-სიახლოვისა“ ისეთივე გადაუჭრელია, როგორ კვერცხისა და ქათმის ამბავი... ვწერ ბევრს, რადგან მოლოდინის რეჟიმში ვარ და გამყავს დრო)
1. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია (ანუ ვითარება, როცა თარგმანი მაქსიმალურად ახლოსაა დედანთან).
ერთი არცთუ ახალგაზრდა, მშვენივრად დამრგვალებული ფორმების ქალბატონი მოდების ჩვენებას დაესწრო და იქ იხილა ერთი კაბა, რომელიც ძალიან მოეწონა და რომლის დემონსტრირებასაც 40-45 კილოგრამიანი მოდელი გოგონა ახდენდა... მოეწონა და თავის პირად მკერავს შეუკვეთა (იმ ლამაზად დამრგვალებულმა ქალბატონმა), რომ მისთვის შეკეროს ზუსტად ისეთი კაბა, რაც პოდიუმზე მონარნარე გოგონას ეცვა... მკერავმა პირნათლად შეასრულა დავალება და შეკერა ზუსტად ისეთი კაბა - ზომითაც, ფორმითაც და შინაარსითაც... როდესაც დამკვეთმა ქალბატომა ეს კაბა მიიღო და რის ვაივაგლახით ჩაიცვა (გამოიყენა ნაირგვარი კორსეტები და მისთანა საშუალებანი) და წავიდა წვეულებაზე (...ახლა რომ ივენთს უწოდებენ... ვთქვათ, მეგობარი პოეტის წიგნის პრეზენტაციაზე), მას, საბრალოს, მთლად ჩაშხამდა ეს ივენთი, რადგან ვერც გულიანად გაიცინა (კაბა უჭერდა სხეულაზე), ვერც ტრადიციული მქუხარე ტაში დაცხო (ხელებს ვერ ამოძრავებდა), ა-ლა-ფურშეტი ხომ მთლად საწამებელი აღმოჩნდა მისთვის... მეგობრები აღტაცებულნი იყვნენ კაბის უზუსტესი სიახლოვით პოდიუმის დეედანთან, მაგრამ ჩვენს ნაცნობ ქალბატონს ერთი სული ჰქონდა, ეს კაბა მოეშორებინა სხეულიდან და ივენთის ბოლოს, ერთი უხერხული მოძრაობისას მთლად ნაკერებზე რომ დაირღვა (კაბა... რასაკვირველია!) და ქალბატონის მშვენიერი მრგვლოვანი ნაწილების სრული პიარ-კამპანია რომ მოახდინა, რაც ზოგმა წინასწარ ჩანიშნულ პროექტადაც კი მიიჩნია, დამსწრე საზოგადოების გენდერულად დიფერენცირებულმა ნაწილმა სრული „აღტაცება“ გამოხატა, ოღონდ, ცხადია, არა კაბის, არამედ სხვა „კომპონენტების“ ხილვის გამო....

2. ახლა ასეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ:
ქალბატონმა (რომლის გვარი არ ვიცი და ვერც დავასახელებ) თავის მკერავს ასეთი შეკვეთა მისცა: შეკერეო ზუსტად ისეთი მოდელის (თარგის, ფასონის...) კაბა ყველა ზიზილ-პიპილების დაცვით, მაგრამ ზომა ჩემი შესაფერი იყოსო, რომ არსად არაფერი მიჭერდეს და მბორკავდესო... მკერავმა პირნათლად შეასრულა დავალება, „სიზუსტე“ დაიცვა შინაარსში, ფორმა კი დამკვეთის სხეულის ზომებს მოარგო... ჩაიცვა ქალბატონმა ეს კაბა და წავიდა მორიგ პრეზენტაციაზე (მადლობა ღმერთს, ჩვენთან კვირაში მინიმუმ ცხრა წიგნის პრეზენტაცია იმართება, განსაკუთრებით - შემოდგომაზე).
უნდა მოგახსენოთ, რომ ამჯერად ჩვენი მეგობარი ქალბატონი მშვენივრად გაერთო, მისი სხეული ფიზიკურად მშვენივრად გრძნობდა თავის არსებობას, მაგრამ პრეზენტაციიდან დაბრუნებულს რაღაც სევდა გამოჰყვა, წყენაც კი... რადგან საზოგადოების გენდერულად დიფერენცირებული იგივე ნაწილი კვლავაც დაჟინებით უმზერდა მის მშვენივრად ჩადუნდულებულ სხეულს, რამეთუ კაბის შინაარსში იყო ისეთი დეტალები, მრავალი ჩაჭრილ-ამოჭრილი ადგილებით, რაც გათვალისწინებული იყო იმ 40-45 კილოგრამიანი მოდელის სხეულის ნაწილების წარმოჩენაზე, რომელი ნაწილებიც ასეთ მოდელებს მხოლოდ ვირტუალურად აქვთ, რეალურად კი არის „ნული“... აი, ჩვენს ქალბატონს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს ნაწილები ნულზე და ყველა ნორმაზე ბევრად მეტი ჰქონდა, თუმცა, როგორც ვაჟა-ფშაველა წერდა - „ლამაზი არისო საცქერლად...“

3. მესამე სიტუაცია (ბევრს აღარ ვილაპარაკებ)
ჩვენი იგავური ნარატივით გაწამებულმა პერსონაჟმა მკერავს მკაცრი გაფრთხილება მისცა: დაეცვა მისი ზომისა და ფორმის შესაბამისი პარამეტრები, კაბის შინაარსში კი ისეთი ცვლილებები შეეტანა, რაც მისი სხეულის აგებულების შესაბამისი იქნებოდა და არავის გააღიზიანებდა... ანუ მკერავს ოქროს შუალედი უნდა დაეცვა: პოდიუმზე ნანახი კაბის ასოციაციაც უნდა შექმნოდა მჭვრეტელს (გენდერულად დიფერენცირებულ ორივე ნაწილს) და ის შთაბეჭდილებაც უნდა დარჩენილიყო, რომ კაბა მხოლოდ და ზუსტად ჩვენი მშვენიერი ქალბატონის სხეულზე იყო ორიენტირებული. ...და მივიღეთ ჰარმონია, რაც ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა.

მორალი: 
რად გინდა კაბა, თუნდ იყოს ჭრელი,
თუ შენს სხეულს არ გამოადგება.